საყოველთაო არჩევნები თურქეთში

ვიცი, ჩემს გადაგდებაზე განკარგულება ბაიდენმა გასცა – ერდოღანი

Adem Altan/AFP/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო გამოსვლაზე თავისი კონკურენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ქილიჩდაროღლუს მტკიცება, რომ რუსეთი თურქეთის საარჩევნო პროცესში ერევა, ცილისმწამებლურად შეაფასა. ერდოღანის თქმით, რუსეთი თურქეთის მოკავშირეა, მისი კონკურენტი კი დასავლეთისგან იღებს ინსტრუქციებს. 

"რა თქვა კრემლის სპიკერმა? პესკოვმა თქვა, რომ ის [ქილიჩდაროღლუ] იტყუება, ახსნა-განმარტება და მტკიცებულება სჭირდება". - თქვა ერდოღანმა. მისი მტკიცებით, ქილიჩდაროღლუს სამხილი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ მოსმენილის საფუძველზე საუბრობდა, რაც მიუღებელია. 

ერდოღანის თქმით, რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ოპოზიციის კანდიდატი ინსტრუქციებს დასავლეთისგან, კერძოდ ამერიკისგან იღებს. 

"ვიცი, ბაიდენმა გასცა განკარგულება - ერდოღანი უნდა გადავაგდოთ! ჩემმა ხალხმაც იცის. ხვალ კი საარჩევნო ბიულეტენები ბაიდენსაც საკადრის პასუხს გასცემენ". - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

თურქეთის პრეზიდენტობის ერთიანმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ Twitter-ზე რუსულ ენაზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც რუსეთს თურქეთის არჩევნებში არჩარევისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, მან რუსეთი 4 მაისს დაგეგმილ არჩევნებამდე კონსპირაციებისა და Deep Fake-ების გავრცელებაში დაადანაშაულა

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესაძლებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა

"არ ვიცი რა იყო ასეთი მიმართვის მიზეზი. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს განცხადებებს. ოფიციალურად ვამბობთ, რომ რაიმე სახის ჩარევაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს მიაწოდა ასეთი ინფორმაცია, მაშინ ისინი მატყუარები არიან". – აღნიშნა პესკოვმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია "ძალიან, ძალიან აფასებს ორმხრივ ურთიერთობებს თურქეთის რესპუბლიკასთან".


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნა. Politico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

კომენტარები