საყოველთაო არჩევნები თურქეთში

"გონება სულ დაკარგეთ?" – მასკი თურქეთში არჩევნებამდე Twitter-ის შეზღუდვაზე პროტესტს პასუხობს

Twitter-მა თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პლატფორმაზე ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა, რასაც მომხმარებლის პროტესტი მოჰყვა

"იგლესიას, გონება სულ დაკარგეთ? ორი არჩევანი იყო - ან მთლიანად ან ზოგიერთ ტვიტზე შეგვეზღუდა წვდომა. რომელი გინდა?". - დაწერა ილონ მასკმა ამერიკელი ბლოგერისა და ჟურნალისტის, მეტ იგლესიასის პასუხად, რომელმაც აღნიშნა, რომ "თურქეთის მთავრობამ Twitter-ს არჩევნების წინ ოპოზიციური ძალის ცენზურა სთხოვა, რასაც მასკი დაემორჩილა". 

"დავპოსტავთ იმას, რასაც თურქეთის მთავრობა გამოგვიგზავნის". - წერდა მასკი სხვა ტვიტში. 

კომპანიამ Twitter-ზე ინგლისურ და თურქულ ენებზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ვკითხულობთ, რომ მათ მიიღეს ზომები თურქეთში ზოგიერთ ტვიტზე შეზღუდვასთან დაკავშირებით. იქვე აღნიშნულია, რომ დაბლოკილი კონტენტი ხელმისაწვდომი დარჩება დანარჩენ მსოფლიოში.

Twitter-მა არ დააკონკრეტა, რომელ ტვიტებს დაბლოკავს და რატომ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. 

თებერვალში, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მთავრობამ მცირე ხნით Twitter-სა და სხვა სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა.

საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნა. Politico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

კომენტარები