საყოველთაო არჩევნები თურქეთში

"არ ვერევით უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებსა და საარჩევნო პროცესებში" – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესაძლებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა

მანამდე თურქეთის პრეზიდენტობის ერთიანმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ Twitter-ზე რუსულ ენაზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც რუსეთს თურქეთის არჩევნებში არჩარევისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, მან რუსეთი 4 მაისს დაგეგმილ არჩევნებამდე კონსპირაციებისა და Deep Fake-ების გავრცელებაში დაადანაშაულა

"არ ვიცი რა იყო ასეთი მიმართვის მიზეზი. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს განცხადებებს. ოფიციალურად ვამბობთ, რომ რაიმე სახის ჩარევაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს მიაწოდა ასეთი ინფორმაცია, მაშინ ისინი მატყუარები არიან". – აღნიშნა პესკოვმა.

მას ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია "ძალიან, ძალიან აფასებს ორმხრივ ურთიერთობებს თურქეთის რესპუბლიკასთან".

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ურთიერთობებს თურქეთთან, რადგან ის აქამდე ძალიან პასუხისმგებლობით სავსე და გააზრებულ პოზიციას იკავებდა რეგიონული და გლობალური პრობლემების მიმართ, რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ეს პოზიცია კი ჩვენთვის ძალიან მიმზიდველია". – თქვა პესკოვმა. 

მას ასევე დასძინა, რომ ქვეყანა, რომელიც ძალიან აფასებს ორმხრივ ურთიერთობებს, არაფერს გააკეთებს თავისი პარტნიორის საწინააღმდეგოდ. 

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ვამტკიცებთ, რომ არ ვერევით უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებსა და საარჩევნო პროცესებში". – აღნიშნა მან.


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნა. Politico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

კომენტარები