დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისლამური ჯიჰადის კიდევ ერთი მაღალი რანგის წევრი მოკლა

12 მაისს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორში მიტანილ საჰაერო იერიშს პალესტინური ისლამური ჯიჰადის კიდევ ერთი მაღალი რანგის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლულია დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის ოპერაციების ხელმძღვანელი, იად ალ-ჰასანი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალ ჰასანი ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებზე და სარაკეტო თავდასხმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მისი განეიტრალება ღაზას სექტორში ერთ-ერთ სამალავ ბინაზე საჰაერო დარტყმის შედეგად მოხერხდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორში ისლამური ჯიჰადის კიდევ ორ სამეთაურო ცენტრზე მიიტანა საჰაერო თავდასხმა.


11 მაისის საღამოს ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლას ისრაელის მხრიდან პირველი მსხვერპლი მოჰყვა. რეჰოვოთის დასახლებაში რაკეტა საცხოვრებელ სახლს პირდაპირ მოხვდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ეს არის იმ მცირე შემთხვევებიდან ერთ-ერთი, როცა ისრაელის რკინის გუმბათის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ, რომელსაც უვნებელყოფის 95%-იანი მაჩვენებელი აქვს, რაკეტა ვერ მოიგერია.

კიდევ ერთი რაეკეტა ჩამოვარდა სდოტ-ნეგევის რეგიონალურ საბჭოსთან, რასაც 82 წლის ქალის დაშავება მოჰყვა, ხოლო ეშქოლში დაშავდა უცხოელი მუშა.

10 მაისიდან ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 800-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, აქედან საზღვარი დაახლოებით 600-მა გადაკვეთა.

ამ მოვლენების პარალელურად, ცნობების მიხედვით, ეგვიპტის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები განახლდა. გასული საღამოს შემდეგ, ჯერჯერობით სიმშვიდეა და არც ერთ მხარეს ახალი იერიში არ მიუტანია.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, შეტაკებებში არ არის ჩართული ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორის მთავარი მაკონტროლებელი დაჯგუფებაა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამშაბათს, 9 მაისის გამთენიისას წამოიწყეს ოპერაცია ფარი და ისარი, რომლის ფარგლებში ღაზის სექტორში იერიშები მიიტანეს ისლამური ჯიჰადის ლიდერებზე. შედეგად, თავდასხმებს ემსხვერპლნენ ხალილ ბაჰთინი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთში ისლამურ ჯიჰადს მეთაურობდა, ასევე ჯიჰად ღანემი, დაჯგუფების სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი და ტარექ იზ ედ-დინი, რომელიც ხელმძღვანელობდა დაჯგუფების აქტიურობას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ამას გარდა, იერიშებს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვი.

ისლამურ ჯიჰადსა და ისრაელს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პალესტინური დაჯგუფების წევრი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები