ჩინეთი-ევროკავშირი

FT: ბორელის აზრით, ჩინეთი რუსეთის მარცხით გეოპოლიტიკურ უპირატესობას მოიპოვებს

John Thys/AFP via Getty Images

ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, ჯოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილი კონფიდენციალური წერილის თანახამად, ჩინეთი უკრაინაში რუსეთის დამარცხებით "გეოპოლიტიკურ უპირატესობას მოიპობეს", ამიტომ ბრიუსელმა პეკინის ამბიციებს სათანადოდ უნდა უპასუხოს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის წერილის შინაარსი Financial Times-მა გაავრცელა.

წერილში ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს პეკინის მზარდი ნაციონალიზმისა და "აშშ-ჩინეთის გამოკვეთილი კონკურენციის" ფონზე პეკინთან განმკლავებისთვის "თანმიმდევრული სტრატეგია" შეიმუშაონ

"ჩინეთის საკითხი გაცილებით კომპლექსურია ვიდრე რუსეთის საკითხი. ჩინეთს აქვს ცხადი ამბიცია ააგოს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის ცენტრშიც თავად იქნება… უკრაინაში რუსეთის დამარცხება ჩინეთს ამ გზიდან არ გადაახვევინებს. ჩინეთი შეძლებს ამით გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას". - წერს ბორელი.

ბორელმა ასევე ხაზი გაუსვა ბლოკის სურვილს, რომ ჩინეთის მიერ მოსკოვის რიტორიკული მხარდაჭერის მიუხედავად, უფრო აქტიურად ჩაერთოს პეკინთან ერთად უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.

ბორელმა დასძინა, რომ ევროკავშირი მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადგამოსული ქვეყნების მზარდი ძალაუფლების დაბლოკვას არ უნდა ეცადოს. ეს მიდგომა, რაც ჩინეთთან დაკავშირებული საფრთხეების მხოლოდ შემცირებას გულისხმობს, ევროპაში ბევრისთვისაა მისაღები და ეწინააღმდეგება აშშ-ს უფრო მკაცრ, "გათიშვის პოლიტიკას".

ბორელის თქმით, ბრიუსელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს ჩინეთის გავლენა დაბალშემოსავლიან ქვეყნებთან ურთიერთობისას და არ უნდა მოელოდოს ამ სახელმწიფოებისგან "ერთი ან მეორე მხარის არჩევას".

"ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბევრი ქვეყანა ჩინეთის გეოპოლიტიკურ გავლენას დასავლეთისა და შესაბამისად, ევროპის საპირწონედ თვლის. ისინი შეეცდებიან მხარეების არჩევის გარეშე მანევრირებისთვის სივრცის დატოვებას". - ვკითხულობთ წერილში.

წერილი პეკინის მიმართ ახალი პოლიტიკის სამუშაო ვერსიის შესამუშავებლად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 12-13 მაისს გასამართი დიკუსიის საწყის წერტილად იქცა. აღნიშნულ პოლიტიკას ევროკავშირის ლიდერები თვის ბოლოს განიხილავენ.

კომენტარები