ჩინეთი-ევროკავშირი

პაველი: დემოკრატიულ სამყაროს ჩინეთის მიმართ ერთიანი და რეალისტური პოზიცია სჭირდება

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის თქმით, დემოკრატიულ სამყაროს ჩინეთის მიმართ ერთიანი და რეალისტური პოზიცია სჭირდება, რადგან "პეკინთან თანაბარ პირობებში ევროკავშირის უმსხვილესი ქვეყნებიც კი ვერ ითამაშებენ". 

Reuters-თან ინტერვიუში საუბრისას, პაველმა თქვა, რომ ჩინეთის ქმედებებმა უკრაინის ომის ფონზე აჩვენა, რომ ის არ არის კონსტრუქციული მოთამაშე. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებმა პეკინი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ არ მოუწოდებს. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთის სტრატეგიული მიზნები არ არის თავსებადი ჩვენს მიზნებთან. ღირებულებები, რომელზეც ჩინეთის საზოგადოებაა აგებული, არ არის და არ იქნება ჩვენი ღირებულებები და თუ გვინდა, რომ ჩინეთთან მიმართებაში ვიყოთ დაბალანსებული, მაშინ გვჭირდება ერთობლივი მოქმედებები მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანასთან". - თქვა პაველმა.

ინტერვიუში პაველმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი, ცდილობენ, ჩინეთთან ურთიერთობა შეინარჩუნონ, მხოლოდ ერთიან ევროკავშირს შეეძლება, რომ პეკინს, როგორც თანასწორ პარტნიორს ისე მოექცეს.

"ჩინეთი მოხარულია ნებისმიერი ორმხრივი შეხვედრით, ცხადია, ევროპის ქვეყნების გაყოფის ან ევროპის შეერთებული შტატებისგან გაყოფის ნებისმიერი შანსის გამო. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია". – თქვა პაველმა.

კომენტარები