Heritage Foundation-მა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს საერთო ქულა წინა წელთან შედარებით 3.1-ით შემცირდა და 68.7 შეადგინა. ამ მონაცემებით საქართველო 2004 წლის შემდეგ პირველად, 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილს იკავებს - ერთ წელიწადში ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგის 26-ე პოზიციიდან 35-მდე ჩამოქვეითდა.
გამოთვლის მეთოდოლოგია
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 4 ჯგუფად განაწილებულ 12 კრიტერიუმზე დაკვირვებით განისაზღვრება, ესენია:
1. კანონის უზენაესობა
- საკუთრების უფლება
- სასამართლოს ეფექტიანობა
- მთავრობის კეთილსინდისიერება
2. მთავრობის ზომა
- საგადასახადო ტვირთი
- მთავრობის ხარჯები
- ფისკალური სტაბილურობა
3. რეგულაციების ეფექტიანობა
- ბიზნესის თავისუფლება
- შრომის თავისუფლება
- მონეტარული თავისუფლება
4. ღია ბაზრები
- საგარეო ვაჭრობის თავისუფლება
- ინვესტირების თავისუფლება
- ფინანსური თავისუფლება
ორგანიზაცია წყაროდ სხვადასხვა კვლევასა და ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებს იღებს. ჩამოთვლილი კრიტერიუმი მაქსიმუმ 100 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულაც 0-დან 100-მდე მერყეობს. საბოლოო ქულების მიხედვით ქვეყნები 5 ჯგუფში ნაწილდებიან: 1.80-100 ქულა - თავისუფალი ქვეყნები. 2.70-79.9 ქულა - მეტწილად თავისუფალი ქვეყნები. 3. 60-69.9 - ზომიერად თავისუფალი ქვეყნები. 4.50-59.9 ქულა - მეტწილად არათავისუფალი ქვეყნები და 5.0-49.9 ქულა - რეპრესირებული ქვეყნები.
რას (არ) წერს საქართველოს მთავრობა?
საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, გაუმჯობესება მხოლოდ შრომისა და ფინანსური თავისუფლების ქვეკატეგორიებში შეიმჩნევა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ Heritage Foundation-ის კვლევის მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციით შედეგები პირად გამარჯვებად გაიფორმა.
"მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის - ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევის მიხედვით, "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა
2023 წელს საქართველო "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდიკატორით ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს. საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.
2022 წელს "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 62.9%-ი აიღო, რითაც 10 წლიანი პროგრესით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა. შედარებისათვის, 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა". - წერია განცხადებაში.
ამ გზით საქართველოს მთავრობა სრულ კვლევაზე კონცენტრირების ნაცვლად, მხოლოდ ერთი ქვეკომპონენტით მანიპულირებას ცდილობს - საუბრობს გაუმჯობესებაზე 10 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, მაშინ როდესაც "მთავრობის კეთილსინდისიერების" ქულაც, ისევე, როგორც მთლიანი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, 2021 წლიდან უარესდება.
სინამდვილეში, საქმე გაცილებით ცუდად არის, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 9 ადგილით ჩამოქვეითებასთან ერთად, საქართველომ "მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფიდან "ზომიერად თავისუფალი" ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.
ყველაზე მეტად, 24.1 პუნქტით საქართველოს ქულა ფისკალური სტაბილურობის კომპონენტში შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალებმა განაპირობა. მნიშვნელოვანი გაუარესება შეიმჩნევა საკუთრების უფლების დაცვის ქვეკატეგორიაშიც, რომელიც წინა წელთან შედარებით 9.5 პუნქტით შემცირდა. გასულ წელში იკლო როგორც ბიზნესის, ასევე მონეტარული თავისუფლების ხარისხმაც.
როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი ძალა კვლევების არასწორი და არასრული ანალიზით საზოგადოების მანიპულირებას ცდილობს. 14 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო საბიუჯეტო თანამშრომლობა (IBP) ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
IBP-ის ცნობით, დაუშვებელია ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგის გამოყენება "დრაკონული კანონების" გასამართლებლად. ორგანიზაციის განმარტებით, ღია ბიუჯეტის კვლევა ზომავს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გამჭვირვალობასა და ზედამხედველობას. შესაბამისად, საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ ქვეყანამ საკვანძო საბიუჯეტო დოკუმენტებში დროული და ამომწურავი ინფორმაცია გამოაქვეყნა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარი საზოგადოების წინაშე საბიუჯეტო პროცესს მიღმა სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიურია.
"მართლაც, დამოუკიდებელმა შეფასებებმა მაღალი დონის კორუფციის შემაშფოთებლად მზარდი ნიშნები გამოავლინა. ისევე, როგორც ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლები სივრცე რჩება". - წერია განცხადებაში.
შეჯამებისას IBP-ი წერს, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საჯარო სექტორის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ასევე, ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მოუსმინოს თავის ხალხს, ანუ მათ, ვინც დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის.