მთავრობის პროპაგანდა და რეალობა

მთავრობის პროპაგანდა და რეალობა – ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმეები

გუშინ, 10 აპრილს საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა Facebook გვერდმა პოსტი გაავრცელა, სადაც 2004 წლიდან 2012 წლამდე ევროპის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილ საქმეებს 2023 წელს ადარებდნენ. 

უწყების ცნობით, პირველ შემთხვევაში საქმეების რაოდენობა 5 000-ს აღწევდა, მაშინ როცა უკანასკნელში მხოლოდ 150 შემთხვევა ირიცხებოდა. 

ერთი შეხედვით ცხადია, რომ შედარება უსამართლოა: ერთ-ერთი დროითი დიაპაზონი მხოლოდ 4 თვეს მოიაზრებს, მაშინ როცა მეორე სულ მცირე 8 წელს. მომხმარებლების პროტესტის შემდეგ, მთავრობამ პოსტი ჩაასწორა და დააზუსტა, რომ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში 2004-2012 წლებში 5 416 საჩივარი შევიდა, ხოლო 2013-2022 წლებში - მხოლოდ 1 132.

შესაძლოა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ საქმეებს მართლაც ჰქონდეთ კლების ტენდენცია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს სტატისტიკა ასახავს აგვისტოს ომის პერიოდს, როდესაც რუსეთსაც ჰქონდა საქმეები შეტანილი საქართველოს საწინააღმდეგოდ. მონაცემების განხილვისას ამ კონტექსტის უგულებელყოფით შინაარსი იკარგება, საქართველოს მთავრობის პოსტი კი ცალსახა მანიპულაცია გამოდის. 

2000-2018 წლების მიხედვით ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1959 წელს შეიქმნა და მასში იმ 46 წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, შეუძლიათ, გაასაჩივრონ უფლებათა დარღვევა. ეს უკანასკნელი, ასევე, შეუძლიათ ამავე ქვეყნის მოქალაქეთა გაერთიანებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კომპანიებს. სასამართლო, ამასთანავე, ცნობს სახელმწიფოთაშორის განცხადებებს, რომლებიც შეტანილია ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის წინააღმდეგ.

საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღო 2008 წლის მონაცემებიც და, შესაბამისად, გაითვალისწინა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 500-მდე საქმე, რაც საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირებიდან დღემდე შეტანილ საჩივართა თითქმის 50%-ია. 

"ამ 3 300 საჩივრით სულ მანიპულირებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იცოდნენ მათი წარმომავლობა, თუმცა, იყენებენ როცა უნდათ და როგორც უნდათ". - წერს Facebook-ზე Gmone Wise-ის ანგარიშის - "ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში" ავტორი, თამარ ქეცბაია. 

ქეცბაიას განმარტებით, მთავრობა რუსეთის მიერ გასაჩივრებული ამ საქმეების სრულად დაუშვებლად ცნობასა თუ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვას თავად ზეიმობდა სულ რამდენიმე თვის წინ.

"საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი იყო 3 300-მდე საჩივარი და ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა საქმე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველო მართალია ყველა დავაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". - ამბობდა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 2022 წლის დეკემბერში.

2008 წლის მონაცემის გამოყენებით მთავრობამ მცდარი ვიზუალური მასალა შექმნა და გააჩინა განცდა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მართლსაჯულების სისტემა იმდენად გაუმჯობესდა, რომ საერთაშორისო სასამართლოში მიმართვიანობა რამდენი ათასით შემცირდა.

კომენტარები