საქართველო-რუსეთი

შაჰინი უვიზოზე: კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს მოქალაქეებს სურვილს

ჯინ შაჰინი

აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი, ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმაურება.

"ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას. ქართველ ხალხს არ სურს ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და აკონტროლებს ქვეყნის 20%-ს. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილს". – წერს შაჰინი.

რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

როგორც განკარგულებაშია განმარტებული, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება ექნებათ და მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევთ (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, უკან დაბრუნების დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ 90 დღის გატარების უფლება ექნებათ. ამავდროულად, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

კომენტარები