საქართველო-რუსეთი

ღარიბაშვილი: ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია?

რაც ხდება დღეს უკრაინაში, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია? ჩვენ ქართველებმა ბევრი სისხლი გავიღეთ, სამი ომი გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, ნატოს მისიებში ვიყავით - ავღანეთში, ერაყში, ჩვენმა ბიჭებმა, გმირებმა, სისხლი გაიღეს და შეწირეს აი, ამ მისწრაფებას, მიზანს, იდეას და ასეულობით ჩვენი ჯარისკაცია დღეს მძიმედ დაჭრილი - ეს არ არის სისხლი და ამ შემთხვევაში, მე შემთხვევით არ მომიყვანია ის ფაქტი, რაც წეღან ვთქვი. აგვისტოს ომის შემდეგ 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა EU-მ რუსეთისგან, ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც, შეგიძლიათ მონაცემები გამოითხოვოთ, შარშანაც ჰქონდათ, შეამცირეს ვაჭრობა, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ, იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ და ჩვენ რა, არ ვართ სუვერენული სახელმწიფო, თუ ხალხი არ ვართ, თუ ჩვენ არ გვინდა არსებობა და განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა.

ლოგიკა რა არის, გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი და ნატო თუ შევა სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან მივიღებთ მესამე მსოფლიო ომს და ბირთვული ომის პირდაპირ რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით, ამის საშიშროება დღეს უკვე დგას. გვეუბნებიან, რომ ამიტომ ჩვენ უნდა ავირიდოთ ომი, ჩვენი ნატოელი და ევროპელი მეგობრები. ჩვენთვის ქართველებისთვის, პატარა ქვეყნისთვის აქ რაიმე ომი, დესტაბილიზაცია ნიშნავს ჩემთვის პირადად მესამე მსოფლიო ომს, იმიტომ რომ ქვეყნები, არავინ ჩაერთვება ჩვენს ომში, არავინ აბსოლუტურად, ისევ უნდა დაიხოცოს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ჩვენი მოქალაქეები დაზიანდნენ და ქვეყანა უნდა გადაიქცეს პოლიგონად. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, მიუხედავად ძალიან ბევრი ბინძური პროვოკაციისა და მცდელობებისას დესტაბილიზაციის. მე არ მომისმენია ქალბატონი დეგნანის განცხადება, მაგრამ თქვენი შინაარსიდან შემდეგი მინდა გიპასუხოთ, ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამოცანა, რომ გავძლიერდეთ, როგორც ეროვნული, სუვერუნული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა შეზღუდული სუვერენიტეტით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მე მჯერა - ქალბატონი დეგნანი, ჩვენი ევროპელი მეგობრები, ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ყველანი ჩვენს განსაკუთრებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ კარგად გაითვალისწინებენ, ჩვენ გვექნება მათთან საუბარი და გაგებით მოეკიდებიან ამ ფაქტს, რომ ჩვენ ვაჭრობასა და ეკონომიკას არ ვაჩერებთ, ისევ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

უპასუხა საქართველოს პრემიერმინსიტრმა კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. აშშ-ს ელჩმა საქართველოში თქვა, რომ "უცნაურია სისხლიანი რეჟიმის გადაწყვეტილებას მივესალმოთ" სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

კომენტარები