საქართველო-რუსეთი

რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის საკითხს დავაყენებ – დეპუტატი პოპოვი

ევგენი პოპოვი

რუსეთის მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის წევრმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ევგენი პოპოვმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ის აპირებს, რუსეთის სახელმწიფო დუმაში წამოაყენოს რუსეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი.

რუსი დეპუტატის თქმით, ახლა "მეგობრული ჯგუფების" შექმნაზე საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა, მისივე მტკიცებით, ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში.

გასულ დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოიხსნა და გაუქმდა პირდაპირ ფრენებზე აქამდე დაწესებული შეზღუდვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, გააუქმა საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების გაფრთხილება.

რუსეთის ამ ნაბიჯს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროვოკაცია უწოდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლიდან დღემდე რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. 2019 წლის ივნისიდან კი რუსეთმა ე.წ. გავრილოვის ღამის საპასუხოდ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ჯერ კიდევ 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

3 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, რეისებში ჩართული კომპანიები დასანქცირდება.

კომენტარები