დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 400-მდე რაკეტა ისროლეს

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტები. 2023 წლის 10 მაისი.
AP Photo/ Fatima Shbair

10 მაისს პალესტინური დაჯგუფებების მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 400-მდე რაკეტა ისროლეს. თავდასხმების უმეტესობის შემსრულებელი ისლამური ჯიჰადია. საპასუხო იერიშები მიჰქონდათ ისრაელის თავდაცვის ძალებსაც.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში 100-მდე დარტყმა განახორციელა, რადიკალურმა დაჯგუფებებმა კი 300-მდე რაკეტა ისროლეს, ისლამური ჯიჰადი ეგვიპტის შუამავლობით დაუკავშირდა იერუსალიმს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურდათ. ისრაელის მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, რომ შეთანხმება ახლოს იყო, ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლა გაგრძელდა.

რაკეტების დიდი ნაწილსი რკინის გუმბათის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია, ნაწილი კი ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამას გარდა, პირველად გააქტიურდა დავითის შურდულის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ქალაქებზე თავდასხმის პასუხად, ისრაელს იერიშები მიაქვს პალესტინური ისლამური ჯიჰადის ბაზებსა და რაკეტების გამშვებებზე.

ისრეალის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი ამბობს, რომ იმედოვნებენ შეტაკებების მალე დასრულებას, თუმცა მზად არიან მისი გაგრძელებისთვისაც. პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ამბობს, რომ ისლამურ ჯიჰადს "ყველაზე მნიშვნელოვანი" დარტყმები მიაყენეს და ისრაელ კვლავ ატარებს ოპერაციას.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, შეტაკებებში არ არის ჩართული ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორის მთავარი მაკონტროლებელი დაჯგუფებაა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამშაბათს, 9 მაისის გამთენიისას წამოიწყეს ოპერაცია ფარი და ისარი, რომლის ფარგლებში ღაზის სექტორში იერიშები მიიტანეს ისლამური ჯიჰადის ლიდერებზე. შედეგად, თავდასხმებს ემსხვერპლნენ ხალილ ბაჰთინი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთში ისლამურ ჯიჰადს მეთაურობდა, ასევე ჯიჰად ღანემი, დაჯგუფების სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი და ტარექ იზ ედ-დინი, რომელიც ხელმძღვანელობდა დაჯგუფების აქტიურობას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ამას გარდა, იერიშებს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვი.

ისლამურ ჯიჰადსა და ისრაელს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პალესტინური დაჯგუფების წევრი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები