ჩარლზ III-ის კორონაცია

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და დედოფალი კამილა – ილია II მეფე ჩარლზს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს მეფედ კურთხევას ულოცავს

"თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევას.

თქვენ ბრძანდებით მე-40 მონარქი, რაც ამ სამეფოს უძველესობასა და მემკვიდრეობის უწყვეტობაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის სიძლიერესა და მნიშვნელობას მსოფლიო მონარქთა შორის.

ამიტომაც განსაკუთრებულია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.

ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენი ჯვრის ღვთისსათნოდ მტვირთველობა.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეუღლე, დედოფალი  კამილა და მშვიდობით აკურთხოს თქვენი მეფობა". -  ნათქვამია ილია II-ის მილოცვაში. 

6 მაისს დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ჩარლზ III უინძორი ავიდა.


რას გულისხმობს კორონაციის ცერემონია?

ისტორიულად კორონაციას მეფის ხელდასხმის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში მემკვიდრეობითობის წესი არ მოქმედებდა, მეფედ კურთხევის ცერემონია ძალაუფლების გადაცემის დემონსტრირებაში გადამწყვეტ ადგილს იკავებდა. დღესდღეობით ეს უკანასკნელი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორონაციის ცერემონია ჯერ კიდევ აღესრულება. როგორც წესი, ახალ მეფეს მისი წინამორბედის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე აკურთხებენ, როცა გლოვის პერიოდი უკვე დასრულებულია.  კორონაციის შემდეგ ის უფლისგან კურთხეული მმართველი და ინგლისის ეკლესიის წინამძღოლი ხდება. ეს არის პოლიტიკური და რელიგიური ლეგიტიმაციის გზა.

უკანასკნელი კორონაცია ინგლისში 1953 წელს შედგა, როცა დედოფალი ელისაბედ II აკურთხეს.

კომენტარები