ჩარლზ III-ის კორონაცია

რას მოველით მეფე ჩარლზ III-ის კორონაციისგან

ჩარლზ III-ის კორონაცია

რას მოველით მეფე ჩარლზ III-ის კორონაციისგან

6 მაისს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ყურადღება ეკრანებისკენ იქნება მიპყრობილი. მაყურებელი სულმოუთქმელად ელის უესტმინსტერის სასახლეში მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალი-კონსორტის, კამილას კორონაციას. საუკუნოვანი ტრადიციის მქონე ცერემონია აწმყო დროში მონარქის როლს განსაზღვრავს და წარსულზე დამყნობილი მომავლის სურათს გააცოცხლებს. ამგვარად განმტკიცდება მისი უწყვეტობის ჯაჭვი.

რას გულისხმობს კორონაციის ცერემონია?

ისტორიულად კორონაციას მეფის ხელდასხმის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში მემკვიდრეობითობის წესი არ მოქმედებდა, მეფედ კურთხევის ცერემონია ძალაუფლების გადაცემის დემონსტრირებაში გადამწყვეტ ადგილს იკავებდა. დღესდღეობით ეს უკანასკნელი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორონაციის ცერემონია ჯერ კიდევ აღესრულება. როგორც წესი, ახალ მეფეს მისი წინამორბედის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე აკურთხებენ, როცა გლოვის პერიოდი უკვე დასრულებულია.  კორონაციის შემდეგ ის უფლისგან კურთხეული მმართველი და ინგლისის ეკლესიის წინამძღოლი ხდება. ეს არის პოლიტიკური და რელიგიური ლეგიტიმაციის გზა.

უკანასკნელი კორონაცია ინგლისში 1953 წელს შედგა, როცა დედოფალი ელისაბედ II აკურთხეს. ეს იყო ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქების პირველი პრეცედენტი. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, რომ პროცესში იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი ჩაერთოს, ვიდრე აქამდე იყო მოსახერხებელი. ეს მას უფრო საყოველთაო და მასშტაბურ მოვლენად აქცევს. მართლაც, კორონაციის ციებ-ცხელება სოციალურ მედიაში ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნად წმინდა ედუარდის გვირგვინის ემოჯიც კი მომზადდა, რომელსაც მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონაციისადმი მიძღვნილ პოსტებში აქტიურად შევხვდებით.

რა ეტაპებს მოიცავს კორონაციის პროცესი?

კორონაციის აღსრულების წესები ჯერ კიდევ მეფე ედუარდ II-ის კურთხევის დროს, 1308 წელს განისაზღვრა. მას შემდეგ ისინი თითქმის უცვლელი წესით მოქმედებს. 

ცერემონიას წინ უძღვის მსვლელობა ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატომდე. მეფე-დედოფალი წინასწარ გაწერილ მარშრუტს ოქროს ეტლით გაივლიან, რომელიც სპეციალურად მეფე ჯორჯ III-ის კორონაციისთვის, 1761 წელს დამზადდა. როგორც ცნობილია, ჩარლზ III-ის მარშრუტი 1953 წლის დედოფლის ტრაექტორიასთან შედარებით გაცილებით მოკლე იქნება. 

ცერემონია ხუთი ძირითადი საფეხურისგან შედგება: სუვერენად აღიარება, ფიცის დადება, მირონცხება, ინვესტიტურა და ფეოდალური ფიცის დადება. 

სუვერენად აღიარების ეტაპზე მონარქი ხალხისგან იღებს ლეგიტიმაციას. ეპისკოპოსის კითხვას, აღიარებს თუ არა მრევლი ახალ სუვერენს, მათი მხრიდან ერთიანი შეძახილი მოჰყვება, “ღმერთო, დალოცე მეფე!” შემდეგ მმართველმა უნდა დადოს ფიცი, რომ პირნათლად იდგება ინგლისის კანონისა და ეკლესიის სადარაჯოზე. ეს ცერემონიის ერთადერთი კომპონენტია, რომელიც ამავდროულად სამართლებრივ მოთხოვნასაც წარმოადგენს. 

ამას მოსდევს კორონაციაში ყველაზე საკრალური აქტი, მირონცხება, რაც ღვთისაგან ცხებულებას ნიშნავს. თეთრი მანტიის ამარა დარჩენილი მეფე ტახტრევანს დაიკავებს, რომლის საფუძველშიც სკოუნის ქვა იქნება მოთავსებული. ქვას სპეციალურად ჩარლზის კორონაციისთვის ედინბურგიდან ლონდონში ჩამოიტანენ. ის სამეფო ოჯახისთვის წმინდა რელიკვია და შოტლანდიის მონარქიის უძველესი სიმბოლოა. 1296 წელს მეფე ედუარდ I-მა ლოდი, რომელსაც ბედისწერის ქვადაც მოიხსენიებენ, შოტლანდიიდან უესტმინსტერის სასახლეში გადაიტანა და მას შემდეგ ტახტრევნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. სკოუნის ქვა 1996 წელს თავის მშობლიურ ადგილს დაუბრუნდა იმ პირობით, რომ სამომავლოდ ის კვლავ იქნებოდა კორონაციის შემადგენელი მნიშვნელოვანი ატრიბუტი. 

ტახტრევანზე დაბრძანების შემდეგ ეპისკოპოსი მეფეს ხელებზე, გულ-მკერდსა და თავზე მირონს აპკურებს. ეს აქტი საჯარო თვალისგან დაფარული რჩება. ტრადიცია 1953 წელს არ დარღვეულა და გამონაკლისი არც ამჯერად იქნება. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მთლიანი კორონაციის თვითმხილველი გახდეს, თუმცა მირონცხების საკრალური აქტი მისთვის კვლავაც მისტიკურად დარჩება.

ინვესტიტურით კორონაცია თანდათანობით კულმინაციას უახლოვდება. მეფეს მისი სუვერენობის სიმბოლოებს გადასცემენ. ატრიბუტებით შემკობის თანმიმდევრობა სხვადასხვა კორონაციაზე განსხვავებული წესით მიმდინარეობს. 

დასასრულს ქვეშევრდომები მონარქს  ერთგულებას აღუთქვამენ. 

მეფის კორონაციას დედოფალ-კონსორტის კორონაცია მოჰყვება, რომელიც შედარებით მარტივი პროცედურაა. როგორც წესი, ეპისკოპოსი მასაც მირონცხებით აკურთხებს და შესაბამისი რეგალიებით, მათ შორის გვირგვინით შეამკობს. შემდეგ ის მეფის გვერდით ტახტზე თავის ადგილს იკავებს. 

ცერემონია კვლავ მსვლელობით სრულდება. სამეფო ატრიბუტებით მოკაზმულ მეფესა და დედოფალს ამჯერად ოქროს ეტლი სააბატოდან ბუკინგემის სასახლემდე მიაცილებს. 

სამეფო ტანისამოსი და ატრიბუტები

ჩარლზ III ისტორიულ საკითხებში კარგად არის გათვითცნობიერებული, ამიტომ მშვენივრად მოეხსენება, რომ ტანისამოსთან დაკავშირებით წინამორბედების მსგავსად მისსავე არჩევანსაც ყურადღებით დააკვირდებიან და სხვადასხვა ინტერპრეტაციას მოუძებნიან. მეფის სამოსელი მისი ძირითადი ღირებულებებისა და მახასიათებლების ვიზუალური ხორცშესხმა უნდა იყოს. 

კორონაციაზე მეფე რამდენიმე ხელ ტანისამოსს გამოიცვლის. ყველა მათგანი კონკრეტული სიმბოლიკის მატარებელია. წინაპრებისგან განსხვავებით, ჩარლზმა უარი თქვა ახალი სამოსის შეკერვაზე და გადაწყვიტა ამ მნიშვნელოვან დღეს ხალხის წინაშე წინაპართა ნაქონი სამოსით წარსდგეს. ამ სიმბოლური არჩევანის უკან მდგრადი განვითარების მიმართ ჩარლზის პრინციპული მიდგომა იმალება. თავად ეს გადაწყვეტილებაც ერთგვარი გზავნილია საზოგადოებისთვის. ტუნიკასა და საიმპერატორო მანტიის გარდა, რასაც ტრადიციულად მეფეები საკუთარ კორონაციაზე უცვლელად ატარებენ, ჩარლზი მირონცხების ცერემონიისთვის განკუთვნილ კვართსაც თავისი ბაბუის, ჯორჯ VI-ისგან ისესხებს. იგივე შეიძლება ითქვას ხმალზე, ქამარსა და ხელთათმანზეც. როგორც ბუკინგემი იუწყება, ეს არჩევანი მდგრადობისა და ეფექტიანობის პრინციპებს ეფუძნება. 

დიდი ალბათობით, ჩარლზი ცერემონიაზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გამოცხადდება. ეს ცერემონიას მოდერნულობას შესძენს. უესტმინსტერის სასახლეში მეფე, დედის, ელისაბედ II-ის მსგავსად სახელმწიფო მანტიით შემოსილი შეაბიჯებს. ამ უკანასკნელს მეორენაირად საპარლამენტო მანტიასაც უწოდებენ, ვინაიდან მას პარლამენტის სხდომის გახსნისას იცვამენ. მანტიაზე შესაძლოა ვიხილოთ მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის ემბლემაც, რომელიც ჩარლზმა თავისი კოსტიუმების განუყოფელ აქსესუარად აქცია.

მირონცხებისთვის მეფე თეთრ კვართ-ტუნიკაში (Colobium Sindonis) გამოეწყობა, რაც ღვთის წინაშე სიწმინდის სიმბოლოს წარმოადგენს.  

პროცესის განმავლობაში მონარქი რამდენიმე მანტიას მოირგებს. მოოქრული სუპერტუნიკა, რომელშიც მეფე გვირგვინის გადაცემის დროს შეიმოსება,  ჯორჯ V-ისთვის 1911 წელს დაამზადეს. მას შემდეგ ის ყოველ კორონაციაზე გვხვდება და ამჯერადაც ვიხილავთ. სუპერტუნიკის გარედან ჩარლზი საიმპერატორო მანტიას ჩაიცვამს, რომელიც ჯორჯ IV-ს საკუთარ კორონაციაზე, 1821 წელს ემოსა. მისი დიზაინი საეკლესიო თარგშია გადაწყვეტილი.  ტუნიკა შთაგონებულია ადრეული ეკლესიისა და ბიზანტიის იმპერიის სამოსითა და გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სიმბოლიკით.

ოქროს სარტყელიც სუპერტუნიკას მსგავსი ორნამენტებით იქნება მოქარგული. ის მკერდთან ოქროსავე არწივის სამაგრით იკვრება. ამ შემთხვევაში ინსპირაციას ანტიკური ეპოქის კორონაციის სიმბოლოები წარმოადგენს. ეს ელემენტი მეფის ღვთაებრივი ბუნების მანიშნებელ დატვირთვას ატარებს. როგორც წესი, ცერემონიისთვის ახალთახალ ქამარს ამზადებენ, თუმცა ჩარლზმა ამაზეც უარი თქვა. მისი კორონაციისთვის მეფე ჯორჯ VI-ის დროინდელ სარტყელს გამოიყენებენ.

სამეფო ატრიბუტების გადაცემის შემდეგ მეფეს კორონაციის ხელთათმანს უბოძებენ, რომელსაც ის კვერთხის აღებამდე მარჯვენა ხელზე მოირგებს. ხელთათმანი მოოქრული ნაქარგებითაა მოოჭვილი. მასზე გამოსახულია ტიუდორების ვარდი, ნარშავი, სამყურა, მუხის ფოთლები და რკოები. 

ცერემონიის დასასრულს მეფე უესტმინსტერის სასახლეს საიმპერატორო მოსასხამით შემოსილი, თავზე გვირგვინით, ხელში კვერთხითა და სფეროთი დატოვებს. 

როგორ ჩაივლის თავად ცერემონია, რომლის მსგავსიც მაყურებელს ბოლო 70 წლის განმავლობაში არაფერი უნახავს, სულ ცოტა ხანში გავიგებთ. 

 

კომენტარები