საქართველო-რუსეთი

"ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები, ვითომ დათმობა რუსეთისგან" – ზურაბიშვილი სავიზოს მოხსნაზე

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ეხმაურება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანას დღეს რუსეთიდან საჩუქრები და "ვითომ დათმობა" არ სჭირდება.

"ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომ დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებების მიმართ რაც ისმის, სანქციების გვერდის ავლის შესახებ, არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი ამ ბრალდებებისგან.

მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებით არის ერთიანი. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებს და ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგული უნდა ვიყოთ ბოლომდე". – თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიუღებელი და უადგილო ნაბიჯი უწოდა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ, დროა, საკითხზე პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს. ამასთან, ზურაბიშვილმა უსაფრთხოების საბჭოს შეკრება მოითხოვა.

"სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ისტორიაზე და ყველა იმ მაგალითზე, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასოდეს დათმობით არ პასუხობს. პასუხობს იმით, რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობს. ეს მისი ქცევის მუდმივი მეთოდია და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. 

[...] მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი ნამდვილად უდროო და მიუღებელია. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ეს ის დროა, რომ პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს. დროა, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭიროა თუნდაც ჩვენი შიდა გამოწვევების გამოც. მეტი კონტროლია სახელმწიფოს მხრიდან იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან და რჩებიან ქვეყანაში". – თქვა ზურაბიშვილმა.

რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

როგორც განკარგულებაშია განმარტებული, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება ექნებათ და მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევთ (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, უკან დაბრუნების დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ 90დღის გატარების უფლება ექნებათ. ამავდროულად, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

კომენტარები