პუტინის რუსეთი

მარგარიტა სიმონიანი ალა პუგაჩოვაზე: თუ ამ ნაგავს აქ დაბრუნების საშუალება მიეცა, მე წავალ

Befunky

რამდენიმე დღის წინ ალა პუგაჩოვა ისრაელიდან მოსკოვში დაბრუნდა. მომღერალი რუსი დიზაინერისა და დიდი ხნის მეგობრის ვალენტინ იუდაშკინის დაკრძალვას დაესწრო. დაკრძალვაზე იმყოფებოდა ასევე ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი. პესკოვი პუგაჩოვას მიესალმა და ხელზე აკოცა. მომღერლის დაბრუნებასა და პესკოვთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა.

"თუ ამ ნაგავს აქ დაბრუნებისა და კლოუნადის მოწყობის საშუალება მიეცა, მე წავალ, უპირობოდ წავალ. ეს იქნება შეურაცხყოფა, რომელსაც ვერ ავიტან. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ჩემსავით მოიქცევა". – წერს სიმონიანი.

ალა პუგაჩოვამ ქმართან, მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად რუსეთი ომის დაწყებიდან მცირე დროში დატოვა. გალკინი და პუგაჩოვა ღიად აკრიტიკებდნენ ომის დაწყებას და პუტინის ხელისუფლებას. 2022 წლის 17 სექტემბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმ გალკინი უცხოეთის გავლენის აგენტების სიაში შეიყვანა.

"მივმართავ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს. გთხოვთ ჩამრიცხოთ უცხოეთის აგენტების რიგებში, ვინაიდან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის(მაქსიმ გალკინი) მიმართ". – განაცხადა პუგაჩოვამ.

სიმონიანი წყვილს ხშირად აკრიტიკებს. პროპაგანდისტმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გალკინისა და პუგაჩოვას ოჯახის შესახებ ასე ილაპარაკა:

"ის არის გეი, რომელმაც გამდიდრების, კარიერული წინსვლის მიზნით ასაკოვან ქალზე იქორწინა". 

წყარო: Unian

კომენტარები