ქართული ოცნება

სიმონიანი კალაძეს აქებს: საქართველოს ხელისუფლება გამორჩეულად გონივრულად იქცევა

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი Telegram-არხზე თბილისის მერის, კახა კალაძის ინტერვიუდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ნაწყვეტს აზიარებს და მას აქებს. 

"საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციაში გამორჩეულად გონივრულად იქცევა". - დაწერა მარგარიტა სიმონიანმა. 

სამთავრობო მედია იმედის ეთერში კახა კალაძემ თქვა: 

"რაზე არის ახლა შემოტევები, პირდაპირ ვთქვათ - რატომ არ შეუერთდით სანქციებსო. აი, დღეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდა, ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ, მაგალითად, ქართული ღვინო ან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები რუსეთში თუ არ გავა, ამით დავანგრევთ რუსულ ეკონომიკას. ეს ხომ აბსოლუტურად სისულელეა?! ამით ხომ პირიქით, დავაზიანებთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს, მას, ვინც 24-საათიან რეჟიმში შრომობს, იმისთვის, რომ ოჯახში რაღაც პატარა ლუკმა-პურის ფული შეიტანოს. რატომ უნდა ჩაუკეტო ამის შესაძლებლობა, როდესაც მათ აქვთ ის, რომ იშრომონ, მოიყვანონ პროდუქტები და გაიტანონ, გაყიდონ რუსულ ბაზარზე. 

ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის? რატომ? როდესაც მე ვარ ქვეყნის ხელისუფალი, ვიცი, რომ ეს დამაზიანებელია, დამღუპველია, რატომ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი? რატომ უნდა გავაუბედურო ჩემი ქვეყანა?"

კომენტარები