აზერბაიჯანი-სომხეთი

ალიევი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების მიღწევის გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია

ილჰამ ალიევი
trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების მიღწევის გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია, ყოველგვარი შუამავლების, ფასილიტატორებისა და დაბრკოლებების გარეშე. ამის შესახებ ალიევმა  ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიმართვისას ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები უფრო სასარგებლო და საჭირო იქნება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ამ მიმართულებით, თუ რა თქმა უნდა, სომხეთი ასევე მზად არის ამისთვის". - აღნიშნა ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე თვეში, რუსეთში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დაგეგმილი.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი ამჟამად აშშ-ში იმყოფებიან, სადაც მათ 1 მაისს, ენტონი ბლინკენის ჩართულობით შეხვედრა გამართეს. სამმხრივ ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ბაირამოვსა და მირზოიანს შორის ორმხირვი შეხვედრაც გაიმართა. ბლინკენის მონაწილეობის მინისტრების მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი დღეს იგეგმება.

კომენტარები