სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.7%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 2.7% შეადგინა.
ერთ წელში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 5.9%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე - 6.7%-ით. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 10.3%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 11.9%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 4.9%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 2.7%-ით, ხოლო განათლება 6.8%-ით.
საქსტატის მტკიცებით, გასულ წელთან შედარებით ტრანსპორტი 12.9%-ით გაიაფდა, ჯანდაცვა - 7.9%-ით.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული + 10.8%
- პური და პურპროდუქტები + 9.2%
- რძე, ყველი და კვერცხი + 10.1%
- თევზეული + 6.7%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები + 9.1%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 8.7%
- ყავა, ჩაი და კაკაო + 3.4%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 1.5%
ამასთან, ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (-14.8%)
საქსტატის მონაცემებით, 14.8%-ით შემცირდა ფასები ზეთსა და ცხიმზე, ხოლო ხილსა და ყურძენზე – 2.4%-ით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.04%-ით აისახა.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.3%-იანი მატება, რაც 1.05%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე - 31.1% და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.6%).
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9%-ით, რაც -1.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.5%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.8%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (8.0%);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9%-ით, რაც -0.78 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3% და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6%).