რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლენკო: ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება

ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება და უკრაინის NATO-ში შესვლა მთელი ალიანსის სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტი იქნება. მანამდე, გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს და გერმანიას ამ დროისთვის რაიმე ვალდებულების აღება, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ითვალისწინებს, არ სურთ.

"ცოტა ხნის წინ, ზოგიერთ უცხოურ მედიაში გავრცელდა პუბლიკაციები, რომლებიც უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტებას, მოსალოდნელი კონტრშეტევის აქცენტების შეცვლას ცდილობენ, მათ სურთ ხელი შეუწყონ "ალტერნატიულ" სამშვიდობო გეგმებს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილს ეჭვქვეშ აყენებენ.

დამახინჯებული ნარატივების ფორმირებისას, ასეთი მასალების ავტორები, როგორც წესი, მიმართავენ ანონიმურ წყაროებს, რომელთა სანდოობის შემოწმება შეუძლებელია. ვილნიუსში NATO-ს სამიტის მომზადების კონტექსტში, გერმანელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხმა, შესაძლოა, ყურადღება გადაიტანოს "უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერისგან". უფრო მეტიც, [გერმანული გამოცემა] DPA-ს თანახმად, ნატოში გაწევრიანების მცდელობებმა, შესაძლოა, რუსეთს უფრო აგრესიული ომისკენ უბიძგოს. სააგენტო ასევე ასკვნის, რომ NATO-ში გაწევრიანების პროგრესი, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინა წარმატებას მიაღწევს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში." - წერს ნიკოლენკო.

ნიკოლენკოს თქმით, უკრაინამ უკვე შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია და მეტიც, ის კონტრშეტევაშიც წარმატებულია. 

"ჯერ ერთი, მართლაც მნიშვნელოვანი ბრძოლები გველის წინ, მაგრამ უკრაინამ უკვე მიაღწია შთამბეჭდავ წარმატებებს რუსული აგრესიისგან თავის თავდაცვაში. 2022 წლის თებერვალში სკეპტიკოსებმა უკრაინას 72 საათი მისცეს, ოპტიმისტები კი 1 კვირა. უკრაინელი მებრძოლების გმირობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის წყალობით, უკრაინამ არა მხოლოდ გაუძლო დარტყმას, არამედ წარმატებულია ოკუპირებული ტერიტორიების განმათავისუფლებელ ოპერაციებშიც. არც გავაზვიადებთ, თუ უკრაინის არმიას ევროპაში უძლიერეს არმიას ვუწოდოთ. უკრაინელებს ახლა ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში." - წერს ნიკოლენკო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ახლა უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული.

"[...] და ყველაზე მნიშვნელოვანი. უკრაინის ამჟამინდელი საერთაშორისო მხარდაჭერა რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში არ ეწინააღმდეგება, არამედ პირიქით, ავსებს NATO-ში გაწევრიანების პროცესს. ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება და ჩვენი სახელმწიფოს NATO-ში შესვლა მთელი ალიანსის სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტი იქნება.

უკრაინა NATO-ს პრობლემა კი არა, უპირატესობაა. მინისტრმა დმიტრო კულებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა უკრაინის მოლოდინები: ვილნიუსის სამიტზე უკრაინა მოკავშირეებისგან მოელის ვალდებულებების აღებას, რაც განსაზღვრავს ჩვენს NATO-ში გაწევრიანების გზას." - წერს ნიკოლენკო.

კომენტარები