ამერიკის შეერთებული შტატები

იელენი: თუ აშშ სესხის ლიმიტს არ გაზრდის, 1-ლი ივნისისთვის ფულის ამოწურვა ემუქრება

FED-ის თავმჯდომარე ჯანეტ იელენი
Joshua Roberts / REUTERS

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი არ გაზრდის ან არ შეაჩერებს აშშ-ის მთავრობის სესხის ლიმიტს, აშშ-ის მთავრობას 1-ლი ივნისისთვის ფულის ამოწურვა და დეფოლტი ემუქრება. 

"ბოლოდროინდელი ფედერალური საგადასახადო ქვითრების განხილვის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, ჩვენ ვერ შევძლებთ მთავრობის ყველა ვალდებულების შესრულებას ივნისის დასაწყისში, თუ კონგრესი მანამდე არ გაზრდის ან არ შეაჩერებს მთავრობის სესხის ლიმიტს." - წერს იელენი.

სესხის ლიმიტის მიღწევა ნიშნავს, რომ მთავრობა ვეღარ შეძლებს მეტი ფულის სესხებას. დეფოლტი კი აღებული ვალების [დროებით] ვერ ან არ დაბრუნებას ნიშნავს. ამჟამად აშშ-ის სესხის ზღვარი 31,4 ტრილიონი დოლარია.

"ჩვენ ვისწავლეთ წარსულის მაგალითზე, რომ ვალის ლიმიტის შეჩერების ან გაზრდის ბოლო წუთამდე ლოდინმა, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ბიზნესს და მომხმარებელთა ნდობას. ეს გაზრდის მოკლევადიანი სესხის ხარჯებს და უარყოფითად იმოქმედებს შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგზე." - წერს იელენი.

სესხის ლიმიტის გაზრდის სანაცვლოდ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ხარჯების მკვეთრ შემცირებას ითხოვენ. გასულ კვირას პალატის რესპუბლიკელებმა მიიღეს კანონპროექტი, რომელიც გაზრდის ვალის ზღვარს და გადადებს დეფოლტის რისკს მინიმუმ მომავალ წლამდე. ამასთან, კანონპროექტით რესპუბლიკელები სტუდენტური სესხების ჩამოწერის პროგრამისა და მწვანე ენერგიისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვას ითხოვენ

"ამერიკელი ხალხი გადაიხდის ეკონომიკურ ფასს, თუ პრეზიდენტი ბაიდენი არ დათანხმდება მოლაპარაკებების მაგიდასთან [რესპუბლიკელებთან] დაჯდომას, რომელიც თავიდან აიცილებს ისტორიულ დეფოლტს". - თქვა დასავლეთ ვირჯინიის დემოკრატმა სენატორმა, ჯო მანჩინმა.
 

კომენტარები