სირია-ისრაელი

მედია: ისრაელმა სირიაში ალეპოს აეროპორტზე იერიში მიიტანა, დაიღუპა ერთი სამხედრო

სირიის სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელმა სირიაში ალეპოს საერთაშორისო აეროპორტზე იერიში მიიტანა. მათივე ცნობით, დაიღუპა ერთი სამხედრო, შვიდი ადამიანი კი – დაშავდა, აქედან 5 ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. 

სირიის სამთავრობო მედია SANA ასევე იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნე აეროპორტის გარდა ალეპოს მახლობლად მდებარე სხვა ობიექტებიც იყო. ამავე ცნობით, იერიშის მიერ გამოწვეული მძიმე დაზიანებების გამო აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქების კადრებიც.

როგორც წესი, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებზე კომენტარს არ აკეთებენ.

დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები ისრაელის სამიზნეები წარსულშიც გამხდარა, რადგან ამ ობიექტებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წევრებიც იყენებენ.

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებთან დაკავშირებით კომენტარს იშვიათად აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს.

კომენტარები