ირაკლი ღარიბაშვილი

უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციაზე ღარიბაშვილი ერთ-ერთი სპიკერი იქნება

უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი სპიკერი იქნება.

კონფერენციას დაესწრება უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანიც და ორგანიზატორთა თქმით, მას მთავარი სიტყვით გამოსვლა ექნება.

კონფერენცია 4-5 მაისს არის დაგეგმილი.

როგორც Associated Press-ი იანვარში წერდა, უნგრეთი კონფერენციას ზედიზედ მეორე წელს გამართავს, ძირითადად ამერიკელი და ევროპელი კონსერვატორების ჩართულობით, მაშინ, როცა ქვეყანა მემარჯვენე პოპულისტური მთავრობის გამო ევროპაში დიდწილად იზოლირებულია და თანამოაზრე მოძრაობებს ეძებენ.

ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) პირველად 1974 წელს გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებშიც იმართება. უნგრეთი კონფერენციას უკვე მეორე წელია რაც მასპინძლობს.

ორგანიზატორები წერდნენ, რომ კონფერენცია "ფოკუსირებული იქნება ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".

ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირში დიდ უკმაყოფილებას იწვევს მედიასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარების გამო.

გასულ თვეებში ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთის პოლიტიკის მიმართ სიმპათიებს გამოხატავდნენ. უნგრეთის პრემიერმა 2022 წლის ოქტომბერში, შეხვედრის ფარგლებში ქართველ კოლეგას უწოდა "დიდებული პოლიტიკოსი იმ მცირეთა შორის", რომელიც "დაბრუნდა". ამას გარდა, მისი აზრით, ღარიბაშვილი არის "დიდი მებრძოლი" და ამიტომაც ის მისთვის "სამაგალითოა". საქართველოს პრემიერმა კი თქვა, რომ მისმა მთავრობამ უნგრეთისგან ბევრი "მაგალითი" გადმოიღო და "წარმატებული რეფორმები გაიზიარა".

კომენტარები