საქართველო-უნგრეთი

ღარიბაშვილი ორბანს: ბევრი მაგალითი გადმოვიღეთ, თქვენი წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ

უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონი ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ.

ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად  დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არა მხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა.

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ ბუდაპეშტში გამართულ ბრიფინგზე. 

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის 15 სექტემბრის რეზოლუციის თანახმად, უნგრეთი სრულად დემოკრატიულ ქვეყნად ვეღარ ჩაითვლება. დოკუმენტში წერია, რომ უნგრეთი გადაიქცა საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად, რის მიზეზადაც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის რღვევაა დასახელებული. ევროპარლამენტის კანონმდებლების უმრავლესობა თვლის, რომ უნგრეთში ორბანის მმართველობიდან დღემდე დემოკრატია მნიშვნელოვნად დაზიანდა.  

ამასთან, უნგრეთი რუსეთისგან გაზს ყიდულობს და მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სანქციებით ევროპამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ახლა სული ეხუთება. 

უნგრეთის ნაციონალისტმა ლიდერმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის პრემიერმინისტრად მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ უკრაინის პრემიერმინისტრს ოპონენტი უწოდა. Європейська правда-ს ინფორმაციით კი, სწორედ ორბანია ის ლიდერი, რომელმაც ბუჩაში ხოცვის შესახებ მტკიცებულება მოითხოვა.

კომენტარები