რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი: ინფორმაცია, რომ ერდოღანი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს, სიცრუეა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ოფისის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი ავრცელებს.

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ ერდოღანს გულის შეტევა ჰქონდა და კლინიკაში გადაიყვანეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ხვალ პრეზიდენტი ერდოღანი ანკარადან, საკუთარი ოფისიდან ონლაინ ჩართვის საშუალებით, აქუიუს ატომური ელექტროსადგურის ამოქმედების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს.". - წერს ტვიტერზე თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ოფისის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი.

26 აპრილს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგეგმილი წინასაარჩევნო ღონისძიებები გააუქმა. ამის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

"ჩემი ექიმების რჩევით, დღეს სახლში დავისვენებ". - დაწერა ერდოღანმა Twitter-ზე.

ამასთან, ერდოღანმა კეთილი სურვილებისთვის თურქეთის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა, ხოლო  შემთხვევას "დატვირთული სამუშაოს გამო მცირე დისკომფორტი" უწოდა.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო ინტერვიუს დროს ცუდად გახდა, რის გამოც პირდაპირი ტრანსლაციის დროებით შეწყვეტა გახდა საჭირო.

პირდაპირი ეთერი რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა და ერდოღანმა თქვა, რომ მას მუცლის ღრუს დაავადება აწუხებდა და გასულ დღეებში მძიმე სამუშაო ჰქონდა. 

69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს ჩატარდება. 


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუა. მესამე კანდიდატად მუჰარემ ინჯე განიხილება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 5%-დან 10%-მდე დააგროვებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კანდიდატი მხარდამჭერებს დიდი ალბათობით მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან, ქემალ კილიჩდაროღლუსთან გაიზიარებს. შესაბამისად, მეორე ტური ერდოღანს აწყობს.

კომენტარები