ავღანეთი

თალიბანმა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი მოკლა

Victor J. Blue for The New York Times

BBC-ის ცნობით, აშშ-ს მაღალჩინოსნების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბანმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლა, რომელიც 2021 წელს ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზეა პასუხისმგებელი. 

როგორც ანონიმური წყარო CBS-ს ატყობინებს, აღნიშნული პირი რამდენიმე კვირის წინ არის მოკლული, თუმცა ამ დრომდე ინფორმაციის გადამოწმება ხდებოდა. 

"ექსპერტები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ეს ინდივიდი მომხდარზე მთავარი პასუხისმგებელი პირია". - ამბობს ანონიმური წყარო CBS-თან ინტერვიუში. 

New York Times-ის ცნობით, აშშ-მ აღნიშნული პირის სიკვდილის შესახებ აპრილში შეიტყო. უცნობია, ის თალიბანის პირდაპირ სამიზნეს წარმოადგენდა, თუ თალიბანსა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შორის შეტაკებების დროს დაიღუპა. 

ჯერჯერობით მოკლულის ვინაობას არ ასაჯაროებენ. 


2021 წლის 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 170 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი და 90 ავღანელი სამხედრო იყო. 

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K). აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტერორისტულ დაჯგუფებას შურისძიებას დაჰპირდა.

"მივმართავ ტერორისტებს, არ გაპატიებთ, არ დაგივიწყებთ, გიპოვით და პასუხს გაგებინებთ". – თქვა ბაიდენმა.

აფეთქების წინა დღეს, აშშ-ს საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ქაბულის აეროპორტის ტერიტორიას გაცლოდნენ და არ გადაადგილებულიყვნენ მისი მიმართულებით. დაზვერვის ინფორმაციით, არსებობდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხე.

კომენტარები