რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული პროდუქტის იმპორტზე მოლაპარაკების მე-3 რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა

უკრაინიდან იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე შეზღუდვებთან დაკავშირებით, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და 5 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს შორის მოლაპარაკების მე-3 რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას Європейська правда ავრცელებს.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა, ვიცეპრეზიდენტმა, ვალდის დომბოროვსკისმა და სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა, იანუშ ვოიცეხოვსკიმ მხარეებს კონსტრუქციული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა შესთავაზეს, რაც ევროკომისიისთვის შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების გადაცემას გულისხმობს. ამის შემდგომ ევროკომისია მონაცემების განხილვის საფუძველზე გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ვალდის დომბოროვსკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარი, იანუშ ვოიცეხოვსკის განცხადების თანახმად, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის გამო დაზარალებული ქვეყნები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, თუ უკრაინული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ ცალმხრივ შეზღუდვებს გააუქმებენ.

"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ცალმხრივი გადაწყვეტილებების ნაცვლად ევროკავშირის საერთო მიდგომის მნიშვნელობა, რათა თავიდან ავიცილოთ აკრძალვები და შედეგები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შიდა ბაზარს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გრძელდება პოლიტიკური კონსულტაციები უკრაინასთან და 5 წევრ ქვეყანასთან - ბულგარეთთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და სლოვაკეთთან. 

მანამდე ადგილობრივი მასობრივი პროტესტის ფონზე, პოლონეთმა, უნგრეთმა და მოგვიანებით, სლოვაკეთმა კიევთან შეთანხმებით, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დროებით შეწყვიტეს.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია, პოლონეთმა უკრაინული სასურსათო პროდუქციის იმპორტი განაახლა. 

კომენტარები