ენმ

მელია: ენმ-ს მენეჯმენტი, ჩრდილოვანი მმართველობა იწყებს რეპრესიას, დევნის განსხვავებულ აზრს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში საკრებულოს სიიდან მისი მხარდამჭერების ამოღებას ახალი მენეჯმენტისა და ჩრდილოვანი მმართველობის მიერ დაწყებულ რეპრესიას უწოდებს.

"მაშინ როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს! იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.

ამ ყველაფრით კი ბათუმში, ფაქტობრივად, ხალხს აგდებენ პარტიიდან. ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში! ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ!" – წერს ნიკა მელია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თქმით, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღო. კირთაძე ამბობს, რომ ენმ "ასეთ თავმჯდომარეს არ იმსახურებს".

ენმ-ს წევრების თქმით, პროცედურის თანახმად, საკრებულოს სიაში ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება სიიდან ამოღებული წევრებით უნდა მომხდარიყო, თუმცა ხაბეიშვილმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო და სიიდან შერჩევითად ყოფილი თავმჯდომარის მხარდამჭერები ამოიღო.

15 აპრილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებით გამოეხმაურა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ თბილისში ახალი ოფისის გახსნას. პარტია მიიჩნევდა, რომ გაუგებარია, რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც "შეკრებილები ენმ-ს წევრებად ასაღებენ თავს".

ნიკა მელია საპასუხო განცხადებაში წერდა, რომ ოფისი იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად გაიხსნა, რომელიც დღის წესრიგში არა ხაბეიშვილის არჩევის გამო, არამედ "უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის" გამო დადგა.

კომენტარები