დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

ბორელი: ევროკავშირის საზღვაო ძალებს ტაივანის სრუტეში პატრულირებისკენ მოვუწოდებ

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საზღვაო ძალებს ტაივანის სრუტეში პატრულირებისკენ მოუწოდა

"ტაივანი ჩვენი ეკონომიკური, კომერციული და ტექნოლოგიური საზრუნავია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ძალებს, დაიწყონ ტაივანის სრუტის პატრულირება და წარმოაჩინონ ნაოსნობის თავისუფლების მიმართ ევროპის ერთგულება ამ გადამწყვეტ ზონაში". - წერს ბორელი ფრანგულ გამოცემა Journal Du Dimanche-ში. 

ცოტა ხნით ადრე, 8-10 აპრილს ჩინეთმა სამდღიანი სამხედრო წვრთნებისას ტაივანსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის წყლებზე ზუსტი დარტყმების სიმულაცია ჩაატარა. ჩინელი სამხედროების მიერ კუნძულზე ალყის შემორტყმის შემდეგ, აშშ-მ ჩინეთს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ტაივანის ინფორმაციით, 8 აპრილს კუნძულზე 71 ჩინური თვითმფრინავი დაფრინავდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 45-მა სამხედრო თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი გადაკვეთა, რაც ტაივანისა და ჩინეთის ტერიტორიებს შორის არაოფიციალური გამყოფი ხაზია.

სამდღიანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო წვრთნების დასრულების შემდეგ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ საბრძოლველად მზად არიან

"შეიარაღებული ჯარები მზადაა, ნებისმიერ დროს იბრძოლოს "ტაივანის დამოუკიდებლობის" ნებისმიერი ფორმისა და უცხოური ჩარევის მცდელობების დასაძლევად". - ნათქვამია ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

კომენტარები