რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: ვაგნერი ომისთვის საჭირო ფინანსებისთვის აფრიკაში მაღაროების პროექტებს აფართოებს

პრორუსული პროპაგანდისტული პოსტერი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში. წარწერა: რუსეთი და ცენტრალური აფრიკა ერთად, ილაპარაკე ცოტა, იმუშავე ბევრი".
CNN

გამოცემა POLITICO მათ მიერ მოპოვებულ აშშ-ს ოფიციალურ დიპლომატიურ შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი აფრიკაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების პროექტების გაფართოებას და მოგებით უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსებას აპირებს. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში ვაგნერმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამუშაოები განსაკუთრებით გააფართოა და მაღაროების ბიზნესებიდან, შესაძლოა, $1 მილიარდამდე სარგებელი ნახოს. შემდეგში, ეს თანხა, შესაძლოა, უკრაინის ომისთვის საჭირო შეიარაღების შესყიდვასა და ახალი მებრძოლების დაქირავებისთვის გამოიყენონ.

წლების განმავლობაში აშშ-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რუსეთს აფრიკაში არსებული მაღაროები, შესაძლოა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ეფექტის შესამსუბუქებლად გამოეყენებინა. ცენტრალური აფრიკის მაღაროების პროექტის გაფართოება მიანიშნებს იმაზე, რომ საბადოები ვაგნერის ჯგუფისთვის მზარდად მომგებიანი წყარო გახდა და ამ სქემით შესაძლებელია უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაფინანსება.

ვაგნერმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფეხი 2018 წლიდან მოიკიდა. აქ გახსნეს კულტურული ცენტრი და გააფორმეს რამდენიმე შეთანხმება, რომ ოქროს საბადოებს დაიცავდნენ, მათ შორის ქალაქ ბამბარისთან მდებარე ნდასიმას მაღაროს. POLITICO-ს წყაროში ნათქვამია, რომ ვაგნერმა ეს მაღარო დიდ კომპლექსად გადააკეთა.

აშშ-ს შეფასებით, ჯგუფი მაღაროების კომპლექსს ისე ამაგრებს, რომ ცხადია, ვაგნერი აქ ხანგრძლივი მუშაობისთვის ემზადება. კომპლექსის გარშემო მათ ააშენეს ხიდები და მნიშვნელოვან პუნქტებთან სატვირთოებზე დამონტაჟებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები განათავსეს.

წარსულში ვაგნერის ჯგუფს მაღაროებთან დაკავშირებული საკუთარი ინტერესებისთვის ძალის გამოყენების პრაქტიკა გააჩნია. 2020 წელს მათ მებრძოლები გაგზავნეს ნდასიმას მაღაროში, ტერიტორიის დასაცავად. 2021 წელს ჯგუფს ბრალად სდებდნენ აჯანყებულების უკანონო სიკვდილით დასჯასა და ნდასიმას მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების გაყრაში, რათა თავად მაღაროების პროექტი განევითარებინათ. ამის შემდეგ, როგორც დიპლომატიური შეტყობინება იუწყება, ვაგნერი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მადაგასკარზე დარეგისტრირებული კომპანიის სახელით მოქმედებს.

ამავე დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ვაგნერის ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში პოლიტიკურ კონტროლს იმყარებს.

 

კომენტარები