რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CSIS: რუსეთს იარაღის დამზადება უჭირს, თუმცა, ომისთვის ძველი ტექნიკის საკმარისი მარაგი აქვს

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ახალი ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში ბრძოლის ველზე დანაკარგებმა და დასავლურმა სანქციებმა რუსეთის არმიას ახალი იარაღის წარმოება გაურთულა, თუმცა, მოსკოვს საკმარისი მარაგები აქვს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად

CSIS-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 10 000-მდე ტანკი, სატვირთო მანქანა, საარტილერიო ნაწილი და საჰაერო თვითმფრინავი დაკარგა. მაგრამ, რუსეთს ცივი ომის დროინდელი იარაღისა და უფრო ძველი მარაგების ფრონტზე გადასხმა და დანაკარგების ამ ფორმით შევსება შეუძლია. 

"რუსული არმიის ხარისხი მოწინავე აღჭურვილობის თვალსაზრისით, სავარაუდოდ, დაიკლებს, სულ მცირე, უახლოეს პერიოდში". - წერია CSIS-ის ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, რუსეთისთვის განსაკუთრებით მძიმე თანამედროვე საბრძოლო ტანკების დანაკარგებია. CSIS-ის ცნობით, მოსკოვმა ომის დაწყებიდან ერთ წელში 1 845-დან 3 511-მდე ტანკი დაკარგა. მათ შორის, T-72B3-ის ტიპის განახლებული საბრძოლო ტანკები, რომლებიც რუსეთის შეიარაღებაში მოწინავეა და ქვეყანამ პირველად 2013 წელს შეიძინა. 

ნიდერლანდებში დაფუძნებული სადაზვერვო სააგენტო Oryx-ის ინფორმაციით, არსებობს ვიზუალური მტკიცებულება იმისა, რომ ამ დრომდე T-72B3-ის ტიპის 500-მდე ტანკი განადგურდა, დაზიანდა, ან რუსი სამხედროების დატყვევების შემდეგ უკრაინის ხელში აღმოჩნდა. 

ამის შესახებ დასავლელმა მაღალჩინოსნებმაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ომში განსაკუთრებული ზეწოლა რუსეთის სატანკო ფლოტზე მოდის. 

"შეიარაღების თვალსაზრისით, ისინი სულ უფრო და უფრო უკან მიდიან". - ამბობენ მაღალჩინოსნები, რომელთა ინფორმაციითაც, T-55-ის ტიპის ტანკები, რომლებიც 1948 წელს დამზადდა, ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე ჩნდება. 

CSIS-ის ანგარიში ხაზს უსვამს იმასაც, რომ რუსეთს ახალი ტანკების წარმოება უჭირს. რუსული მედიის ცნობით, სატანკო ქარხანა UralVagonZavod თვეში 20-მდე ტანკის დამზადებას ახერხებს, როდესაც რუსეთი ყოველთვიურად უკრაინაში 150-მდე ტანკს კარგავს. 

CSIS-ის განმარტებით, დასავლეთის სანქციების გამო, რომელიც რუსეთში ტექნოლოგიური და ორმაგი გამოყენების დეტალების იმპორტს კრძალავს, რუსეთს თანამედროვე ტექნიკის დამზადებაში ხელს უშლის.

კომენტარები