რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეო ლულას: ჩამოდით აქ, რომ გაიგოთ ომის ნამდვილი მიზეზები

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა უკრაინაში მიიწვია, რათა მან რუსული აგრესიის რეალური მიზეზები გაიგოს.

"მიდგომა, რომელიც მსხვერპლსა და აგრესორს ერთსა და იმავე საფეხურზე აყენებს და ადანაშაულებს ომის წახალისებაში ქვეყნებს, რომლებიც სინამდვილეში უკრაინას თავდაცვაში ეხმარებიან სასიკვდილო აგრესიის წინააღმდეგ, არ შეესაბამება სახელმწიფო საქმიანობას. [...] აგრესიის ომი უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს და უამრავ ტანჯვასა და ნგრევას იწვევს" - თქვა ოლეგ ნიკოლენკომ.

გასულ კვირას ჩინეთში ვიზიტის დროს, ლულამ თქვა, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა "მშვიდობაზე საუბარი უნდა დაიწყონ".

"ეს ხელს შეუწყობს პუტინისა და ზელენსკის დარწმუნებას, რომ მშვიდობა ყველას ინტერესშია და რომ ომი მხოლოდ ამ ორისთვისაა საინტერესო." - თქვა ლულამ ჩინეთში ვიზიტისას.

ნიკოლენკოს თქმით, უკრაინას არაფერში არ სჭირდება დარწმუნება და რუსეთის აგრესიის დასრულების ერთგული რჩება.

იანვარში, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ვიზიტის დროს, ლულამ თქვა, რომ კიევი და მოსკოვი იზიარებენ ომში ბრალს და კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

 "ეს NATO-ს გამოა? ტერიტორიული პრეტენზიების გამოა? ევროპაში შესვლის გამოა? სამყაროს ამის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს." - თქვა ლულამ რუსეთ-უკრაინის ომზე.

გასულ კვირას ჩინეთიდან დაბრუნებისას, სადაც მან ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან განიხილა, ლულამ ქვეყნებს იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი". - თქვა ლულამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები