ვლადიმირ კარა-მურზა

რუსეთის საგარეოში დასავლელი დიპლომატები კარა-მურზას "საქმეში ჩარევის გამო" გამოიძახეს

Moscow City Court/Handout via REUTERS

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსი ოპოზიციონერის, კაზა-მურზას წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების დაგმობის გამო აშშ-ს, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს

ჯერჯერობით არც ერთ საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ-ის, ბრიტანეთის და კანადის ელჩები გუშინ, 17 აპრილს მოსკოვის სასამართლოს კიბეებზე ტელეკამერების პირისპირ ერთობლივად გამოჩნდნენ, რათა დაეგმოთ კარა-მურზას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და მისი გათავისუფლება მოეთხოვათ.

ბრიტანეთის ელჩმა,დებორა ბრონერტმა მიმართვა რუსულ ენაზე წარმოთქვა, რათა ადგილობრივ მედიების საშუალებითაც მიეტანა სათქმელი რუსი მოსახლეობისთვის. 

რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი უკანასკნელია პუტინის იმ ოპონენტებიდან, რომლებიც დააკავეს ან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რუსეთი.


აქამდე რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას ადვოკატი, ვადიმ პროხოროვი აღნიშნავდა, რომ პოლიტიკოსს პოლინეიროპათია დაუდგინდა და ასეთი დიაგნოზით ის უნდა გაეთავისუფლებინათ. თუმცა, მისივე თქმით, დაცვის მხარეს არ მიუღია ექიმების მიერ დიაგნოზის დადასტურების შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც სამედიცინო კვლევების შედეგად მიიღეს.

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვში 2022 წლის აპრილში დააკავეს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ოპოზიციონერი კარა-მურზა უცხოელი ჯაშუშების სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური ანგარიშგების მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება და ნამუშევრების სპეციალური იარლიყით გამოქვეყნება მოუწევს.

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, ის აქტიურად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და ვლადიმირ პუტინის წინააღმეგ გამართულ აქციებში მონაწილეობს. ის ორჯერ მოწამლეს - 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვალში. მისი მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

კომენტარები