ვლადიმირ კარა-მურზა

მოსამართლე, რომელმაც კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა, აშშ-ს მიერ სანქცირებულია

ვლადიმირ კარა-მურზა
BBC

მოსამართლე, რომელმაც გუშინ, 17 აპრილს რუს ოპოზიციონერს, ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აშშ-ს მიერ სანქცირებულია

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მიერ 2012 წლის მიღებული მაგნიცკის აქტით სერგეი პოპრიგოროვი სანქცირებულია, მოსამართლემ მაინც არ გაითვალისწინა ეს ფაქტი და არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა აცილებასთან დაკავშირებით.

კანადაშიც იმავე აქტით სანქცირებულია სერგეი პოპრიგოროვი სხვა 30 პირთან ერთად. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, დაადასტურეს, რომ მათ უკვე დაუწესეს სანქცია მოსამართლეს ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო და დამატებით აღნიშნეს, რომ "განიხილება დამატებითი ზომებიც", რათა პასუხი აგოს იმ პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ კარა-მურზას დაკავებასა და არასათანადო მოპყრობაში.

გუშინ, 17 აპრილს რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი უკანასკნელია პუტინის იმ ოპონენტებიდან, რომლებიც დააკავეს ან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რუსეთი.


აქამდე რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას ადვოკატი, ვადიმ პროხოროვი აღნიშნავდა, რომ პოლიტიკოსს პოლინეიროპათია დაუდგინდა და ასეთი დიაგნოზით ის უნდა გაეთავისუფლებინათ. თუმცა, მისივე თქმით, დაცვის მხარეს არ მიუღია ექიმების მიერ დიაგნოზის დადასტურების შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც სამედიცინო კვლევების შედეგად მიიღეს.

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვში 2022 წლის აპრილში დააკავეს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ოპოზიციონერი კარა-მურზა უცხოელი ჯაშუშების სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური ანგარიშგების მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება და ნამუშევრების სპეციალური იარლიყით გამოქვეყნება მოუწევს.

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, ის აქტიურად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და ვლადიმირ პუტინის წინააღმეგ გამართულ აქციებში მონაწილეობს. ის ორჯერ მოწამლეს - 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვალში. მისი მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

კომენტარები