ხელოვნური ინტელექტი

ევროპარლამენტარები: ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ევოლუციის გამო, საჭიროა შეზღუდვები

ევროპარლამენტარები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ისეთი ხელოვნური ინტელექტის სისტემების გასაკონტროლებლად, როგორიცაა ChatGPT, შეზღუდვებს დააწესებენ. ევროპარლამენტარების ღია წერილში წერია, რომ შეზღუდვების დადგენა საჭიროა, რათა ხელოვნური ინტელექტი "ადამიანზე ორიენტირებულ პირობებში, უსაფრთხო და სანდო მიმართულებით განვითარდეს."

ამასთან, ღია წერილში ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით გლობალური სამიტის მოწვევისკენ მოუწოდებენ, რათა ჩამოაყალიბონ პრინციპები, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და გამოყენებისას იხელმძღვანელებენ.

2022 წლის ბოლოდან OpenAI-ის ChatGPT-ის ექსპონენციურმა ზრდამ შეაშფოთა როგორც პოლიტიკოსები, ასევე ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები. მათ ეშინიათ არარეგულირებადი, შეუმოწმებელი ტექნოლოგიის აფეთქების, რომელიც მასშტაბური დეზინფორმაციისა და სიძულვილის შემცველი, არასწორი ან მიკერძოებული შინაარსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.

გასულ თვეში, AI-ზე ორიენტირებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Future of Life Institute-მა (FLI) გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის დიდი ოსტატები - მათ შორის SpaceX, Tesla და Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი. ისინი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს ექვსთვიანი პაუზისკენ მოუწოდებდნენ. 

"ვეთანხმებით წერილის მთავარ გზავნილს - ძლიერი ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ევოლუციის გამო, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ყურადღების მიქცევის საჭიროებას" - წერია ევროპარლამენტარების ღია წერილში FLI-ის წერილთან დაკავშირებით.

"თუ რეგულაციებს მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ, როდესაც რამე უბედურება მოხდება, შესაძლოა ძალიან გვიანი იყოს... AI-ი, შესაძლოა, ამ დროისთვის უკვე ყველაფერს აკონტროლებდეს". - თქვა მასკმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში. 

ხელოვნურმა ინტელექტმა კომუნიკაცია ChatGPT-ის საშუალებით დაიწყო. მასკის განმარტებით, AI განსაკუთრებით საშიში მაშინ იქნება, როდესაც პოზიციის გამოხატვას შეძლებს. 

"საშიშია საზოგადოებისთვის. მასზე სამთავრობო ზედამხედველობაა საჭირო. ხელოვნური ინტელექტი, ალბათ, იმაზე საშიშია, ვიდრე არასწორად მართული თვითმფრინავი ან ცუდი მანქანის წარმოება. AI-ს აქვს ცივილიზაციის განადგურების პოტენციალი - ამის არატრივიალური გაგებით. ". - აღნიშნა მასკმა. 

კომენტარები