ვლადიმირ კარა-მურზა

"სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს" – Amnesty International კარა-მურზას განაჩენზე

Amnesty International

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიისა, რომელიც კრემლმა გასულ წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურა. 

"ვლადიმირ კარა-მურზას ეგრეთ წოდებული "დანაშაულები" – [უკრაინაში] შეჭრის წინააღმდეგ საუბარი და ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ადვოკატირება – ფაქტობრივად, გამორჩეული სიმამაცის აქტებია. ეს განაჩენი არასწორად უკავშირებს ადამიანის უფლებათა აქტივიზმს "ღალატს" და მოგვაგონებს სტალინის ეპოქის რეპრესიებს". – ვკითხულობთ Amnesty International-ის განცხადებაში. 

რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიას, TACC-ს კარა-მურზას ადვოკატი, მარია ეისმონტი ესაუბრა

"მიგვაჩნია, რომ ამ საქმის განხილვისას იყო არაერთი სერიოზული პროცედურული დარღვევა და ამიტომ ვასაჩივრებთ მას". - აღნიშნა მარია ეისმონტმა.

კომენტარები