გერმანია

ოლაფ შოლცის ცოლმა, ბრიტა ერნსტმა ბრანდენბურგის რეგიონის განათლების მინისტრის პოსტი დატოვა

ბრიტა ერნსტი და ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ცოლმა, ბრიტა ერნსტმა ბრანდენბურგის რეგიონის განათლების მინისტრის პოსტი დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად ერნსტმა პარტიასთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

ბრიტა ერნსტი გერმანიის აღმოსავლეთ მხარეში, ბრანდენბურგის რეგიონის განათლების მინისტრის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. ამავდროულად, ერნსტი ოლაფ შოლცის მსგავსად, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.

ერნსტის თქმით, მისთვის "დიდი პატივი და სიამოვნება" იყო ზემოხსენებული სამინისტროს ხელმძღვანელობა, თუმცა, ახალ გამოწვევებთან გამკლავებას "უფრო მეტი ერთიანობა" სჭირდება. ამის შესახებ ერნსტი ჟურნალისტებს რეგიონის დედაქალაქში, პოტსდამში ესაუბრა.

ამავდროულად, გადადგომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, ერნსტი აღნიშნავს, რომ მას უთანხმოება ჰქონდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივ წევრებთან რეგიონში მასწავლებლების ნაკლებობის პრობლემასთან გამკლავების გზებზე. მისი თქმით, თანამდებობის დატოვება რეგიონს "ახალ მინისტრთან ერთად მოგვარების ახალ გზებზე მუშაობის საშუალებას მისცემს".

მინისტრის პოსტს შტეფენ ფრაიბერგი დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ერნსტის მოადგილის პოსტს იკავებდა. ბრანდენბურგში რეგიონული არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზეა ჩანიშნული.

ბრიტა ერნსტი 1997-წლიდან 2011 წლამდე ქალაქ ჰამბურგის რეგიონის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო. 2014-2017 წლებში კი შლესვიგ-ჰოლშტაინის რეგიონში განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები