ვლადიმირ კარა-მურზა

ევროკავშირი: ვლადიმირ კარა-მურზას მიმართ გამოტანილი სასჯელი აღმაშფოთებლად სასტიკია

ევროკავშირი რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ სასჯელს აღმაშფოთებლად სასტიკ განაჩენს უწოდებს. შესაბამისი განცხადებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ავრცელებს.

"ევროკავშირი მკაცრად გმობს მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიუსაჯოს 25-წლიანი პატიმრობა დემოკრატიისთვის მებრძოლ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და კრემლის კრიტიკოსს, ვლადიმირ კარა-მურზას, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე.

სასამართლოს დღევანდელი აღმაშფოთებელად სასტიკი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტას გამოყენებას, აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

"სასამართლო პროცესი" არ აკმაყოფილებდა კომპეტენტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ სამართლიანი და საჯარო განხილვის საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო სხდომები მიუწვდომელი იყო დამკვირვებლებისთვის.

ამავდროულად რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ვლადიმირ კარა-მურზასთვის და სხვა პატიმრებისთვის შესაბამ ჯანდაცვის მომსახურებაზე წვდომა. 

სასმართლოში გაჟღერებულ უკანასკნელ განცხადებაში კარა-მურზამ აღნიშნა, რომ მისი პროცესი აგონებდა 1930-იან წლებში გამართულ საჩვენებელ სასამართლო პროცესებს.

ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ რუსს, რომლებსაც დევნიან, აპატიმრებენ ან აშინებენ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის, სიმართლის თქმისა და რეჟიმის კრიტიკის გამო.

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით არის დაკავებული. ამავდროულად, დაჟინებით მოვითხოვთ რუსეთიდან, უარი თქვას მჩაგვრელ კანონმდებლობაზე, მათ შორის კანონზე, რომელიც ცენზურის ქვეშ აქცევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შესახებ გავრცელებულ სწორ ინფორმაციას და ასევე კანონზე ე.წ. უცხოეთის აგენტებისა და "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი პირების ჩასახშობად გამოიყენება". - წერია განცხადებაში.


რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი უკანასკნელია პუტინის იმ ოპონენტებიდან, რომლებიც დააკავეს ან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რუსეთი.

უკრაინაში ეგრეთ წოდებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გაკრიტიკების გარდა, კარა-მურზა ასევე ღიად საუბრობდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობის შესახებ.

კომენტარები