ირანი

პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ მოუწოდებენ, სამართლებრივად აგებენ პასუხს

DANIEL MIHAILESCU

ირანის გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, ის პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ მოუწოდებენ, სისხლის სამართლის წინაშე აგებენ პასუხს და განაჩენის გასაჩივრების უფლება არ ექნებათ

ხელისუფლების გადაწყვეტილების მიზანი ჰიჯაბის ტარების კანონის მიმართ წინააღმდეგობის აღკვეთაა. 

ქალების მხრიდან დრესკოდის მიმართ პროტესტი სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ გაიზარდა. ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. მას შემდეგ ირანელმა ქალებმა საჯარო სივრცეში ჰიჯაბის გარეშე დაიწყეს მოძრაობა. ბევრმა ცნობილმა ქალმა სოციალურ მედიაზე ჰიჯაბის გარეშე გადაღებული ფოტოები ატვირთა. 

ირანის ხელისუფლება ქალების ე.წ დრესკოდის გაკონტროლების მიზნით, საჯარო სივრცეში და ტრასებზე სათვალთვალო კამერებს აყენებს. პოლიციის ცნობით, კონტროლის გამკაცრება ქალების მხრიდან მსგავს გადაცდომათა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. 

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წესების დარღვევის შემთხვევაში, იდენტიფიცირებული პირი მოსალოდნელ სასჯელთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ შეტყობინებას წერილობით მიიღებს. 

ასევე, კონტროლის გამკაცრების მიზნით, თეირანის მეტროში სპეციალური ჯგუფი განთავსდება, რომელიც ქალების დრესკოდს გააკონტროლებს. ჰიჯაბის გარეშე ქალი მგზავრები მეტროში არ დაიშვებიან

კომენტარები