საქართველო-რუსეთი

ლავროვი: საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობიანი მიდგომა აქვს, ეფუძნება ეროვნულ ინტერესს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დსთ-ს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კვლავ ისაუბრა ე.წ. "მეორე ფრონტზე" და კვლავ შეაქო საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ხელისუფლების მიდგომები.

"ვხედავთ მსგავს მცდელობებს. იყო მცდელობა საქართველოს ხელისუფლება ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში ჩაერთოთ. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პასუხისმგებლობიანი მიდგომას იჩენს, მიდგომა, რომელიც პირველ რიგში საკუთარი ხალხის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება და უარს ამბობს ასეთ მოქმედებებზე". – თქვა ლავროვმა, რომელიც საუბრობდა თითქოსდა დასავლეთის მიერ რუსეთის საზღვრებთან კრიზისების შექმნის მცდელობებზე. 

ლავროვის მტკიცებით "მეორე თუ მესამე ფრონტის" გახსნას მოლდოვაშიც ცდილობენ. 

ლავროვის თქმით, სანამ მოლდოვაში მიმდინარეობდა პრორუსული აქციები, რომლებიც დასავლეთმა უარყოფითად შეაფასა, "საქართველოში იყო პროტესტი აბსოლუტურად ცხადი ცხადი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, თუ ფულს საზღვარგარეთიდან იღებ და საზოგადოებრივი-პოლიტიკური საქმიანობით ხარ დაკავებული, თუ შეიძლება. გვაცნობე, საიდან იღებ ფულს. საქართველოს შემთხვევაში ამ პროტესტებს [დასავლეთი] აქტიურად უჭერდა მხარს და დემონსტრანტებს აძლევდნენ სტიმულს, მოეწყოთ მორიგი ფერადი რევოლუცია".

ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტზეც, რომ პოლონეთმა ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო შესაძლებლობები გააუმჯობესა და სამხედროებს თავი მოუყარა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, რუსეთი ამ ყველაფერს თვალს ადევნებს და არ დუნდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სერგეი ლავროვმა ქართული ოცნების პოლიტიკა შეაქო. 

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

კომენტარები