ოლეგ ნიკოლენკო

ნიკოლენკო: ცინიკურია, რომ უნგრეთის მთავრობა სხვა ქვეყნების ფინანსურ საკითხებზე საუბრობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ უკრაინა "ეკონომიკურად არარსებული ქვეყანაა" ცინიკური და ანტიუკრაინული უწოდა.

"ცინიკურია, რომ უნგრეთის მთავრობა სხვა ქვეყნების ფინანსურ საკითხებზე საუბრობს, მაშინ როცა თავად უნგრეთი ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირისგან დიდ ფულს იღებს". - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ. მისი თქმით, უკრაინის ფინანსური დახმარება ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციაა.

მანამდე, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უკრაინა "ფინანსურად არარსებული ქვეყანაა" და პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.

"უკრაინა ფინანსური გაგებით არის არარსებული ქვეყანა, მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. საკითხავია, მხარს ვუჭერთ თუ არა უკრაინას. როგორც კი ვიტყვით უარს, ომი დასრულდება". - თქვა ორბანმა.

მან აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის პენსიებისთვის, ხელფასებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის საჭიროებებისთვის უზრუნველყოფს თანხებს. ამ თანხების უკრაინისთვის გადაცემა კი შეუძლებელია, რომ მუდმივად გაგრძელდეს.

ორბანის სიტყვებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა.

"ძალიან კარგია. ევროპელი პოლიტიკოსისთვის თამამად და ზუსტად ნათქვამია. შეიძლება მხოლოდ დავამატო, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინა დასრულდება". - თქვა მედვედევმა.

 

კომენტარები