დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ვენეციის კომისიაში გაგზავნა

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ვენეციის კომისიას გაეგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ მმართველმა გუნდმა მათი რეკომენდაციები გაითვალისწინა.

"თქვენო აღმატებულებავ, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა. ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ამ წერილს თან ერთვის. მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე. გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა". - წერს პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს.

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ჩასწორებული ვერსიით, პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცემა.

21 მარტს პლენალურ სხდომაზე პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე - მუხლებრივი განხილვის მოსმენაზე დააბრუნა. ამის მიზეზი ვენეციის კომისიის დასკვნა იყო.

2022 წლის 16 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია მეორე მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის კანონპროექტი გადაუგზავნა.

კომენტარები