ბიძინა ივანიშვილის საქმე

ადვოკატი: 2023-ის მარტიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილი აქტივებზე წვდომას ვერ ახერხებს

ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავაზე განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის ინფორმაციით, ივანიშვილი 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე აქტივებზე წვდომას ვერ ახერხებს. 

კალანდაძის ინფორმაციით, ადგილობრივ ადვოკატებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებით პროცედურებს განზრახ აბრკოლებენ - მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, მინიჭებული უფლების რეალიზება ვერ ხერხდება. 

ადვოკატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების დარღვევა და მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან ხელოვნული დაბრკოლებები, რომ დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება.

საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში. Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი აქტივების მმართველად კი დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

ტრასტის ფუნქცია ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება რომ არის, დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ ტრასტი თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევდა 2022 წლის მარტამდე.

შემდეგ ეტაპობრივად შეიცვალა ტრასტის დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით.

ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას.

აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში:

ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე.

შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული.

აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილების ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში. სხდომები გადაიდო არაერთხელ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის მარტი). საქმის არსებითი განხილვა დასრულდა 2023 წლის 20 მარტს.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ტრასტის ლიკვიდაცია ხდება მხარეთა შორის შეთანხმებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გამონაკლისი კი არის მხოლოდ ორი შემთხვევა: (1) როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა ტრასტის მართვის ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით ან/და (2) როდესაც არის შეუთანხმებლობა ტრასტის ბენეფიციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან და აქტივების განაწილების წესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არც აზრთა სხვადასხვაობა ხარჯებთან მიმართებით (არსებობდა თანხმობა ტრასტის მიერ შემოთავაზებულ დაანგარიშების ფორმულასთან დაკავშირებით) და არც უთანხმოება ბენეფიაციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან მიმართებით. პირიქით, არსებობდა ბენეფიაციართა ერთობრილივი სურვილიც და მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა.

როგორც წესი, ერთდღიან სასამართლო პროცესებს აქვს ადგილი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას.

ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გენზის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა.

შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ.

შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც.

ფაქტიურად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას.

და ბოლოს, გაცნობებთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საქმეებთან მიმართებით. 

ბიძინა ივანიშვილ,ა Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივლა. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა.

იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".

თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარისწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

2022 წლის 14 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს. 

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

კომენტარები