ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მოთხოვნა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმე სააპელაციო სასამართლომ აღკმვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის შესახებ წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ გრიგორიადისის უფლებადამცველებმა TV პირველთან ისაუბრეს.

"გუშინ, გვიან შევიტყვეთ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო. განჩინება გამოგზავნილია, აქედან გამომდინარე, ჯერ ჩვენამდე მოსული არის, გვეცნობით და შემდეგ გიპასუხებთ, რა საფუძვლებით დატოვა ძალაში პატიმრობა. 

[...] ამ ეტაპზე, დაცვის მხარე ფიქრობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი." - ამბობს უფლებადამცველი ლიკა ბითაძე.

უფლებადამცველებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანიდან 24 საათში გაასაჩივრეს, საჩივრის დაუკმაყოფილებლობა კი 8 აპრილს გახდა ცნობილი.

ამასთან, დაწყებულია კიდევ ერთი გამოძიება - გადაამეტა თუ არა უფლებამოსილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, როცა 21 წლის მომიტინგეს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

გრიგორიადისის უფლებადამცველების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ არ მოუპოვებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდა, ნამდვილად ლაზარე გრიგორიადისი იყო.

8 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და ევროპული საქართველოს ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. 

აქცია დაგეგმილი მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო. თუმცა, მთავრობამ ადმინისტრაციის მიმდებარე შენობის შემოღობვა გადაწყვიტა


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაკავებულზე. მისი მტკიცებით, გრიგორიადისი დაკავშირებულია "ბოლშევიკურ ტროიკასთან" - ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან. ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ელენე ხოშტარია. 

კომენტარები