სასამართლო კლანის სანქცირება

ბლინკენი: გავაგრძელებთ საჯარო უფლებამოსილების ბოროტად გამომყენებელთა ანგარიშვალდებულებას

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად". – წერია ბლინკენის განცხადებაში. 

ვინ არიან სანქცირებული პირები?

  • უვადო მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – მიხეილ ჩინჩალაძე;
  • უვადო მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი – ლევან მურუსიძე;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი შენგელაია;
  • ყოფილი მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – ვალერიან ცერცვაძე.

სანქცირებულ პირებს და მათი უშუალო ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ს საელჩო აღნიშნავს, რომ ენტონი ბლინკენს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში.

კომენტარები