სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 5.3% შეადგინა.
ერთ წელში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 11.8%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე - 7.2%-ით. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 11.1%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 12.4%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 5.7%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 3.5%-ით, ხოლო განათლება 6.6%-ით.
საქსტატის მტკიცებით, გასულ წელთან შედარებით ტრანსპორტი 8%-ით გაიაფდა, ჯანდაცვა - 9.1%-ით.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული + 28.8%
- პური და პურპროდუქტები + 16.8%
- რძე, ყველი და კვერცხი + 13.6%
- თევზეული + 10.9%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები + 10.4%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 10.1%
- ყავა, ჩაი და კაკაო + 8.7%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 15.7%
- ზეთი და ცხიმი + 2.7%
საქსტატის მონაცემებით, 2.4%-ით შემცირდა ფასები ხილსა და ყურძენზე.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91%-ით აისახა.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1%-იანი მატება, რაც 1.15%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე - 35.1% და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8%).
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 8%-ით, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-15%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9%);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1%-ით, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2% და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5%).