შალვა რამიშვილი

"არ გევასება ტ**აური, ბო*იშვილი ვიყო" – ფორმულა რამიშვილის ჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორის, ქართული ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილისა და კომპანია აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის საუბრის ამსახველ მორიგ ჩანაწერს ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს. გაჩეჩილაძემ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. 

ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ავიწროებს სექსუალურად შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს.

" - ტ**აური ხომ არ გევასება? თქვი, ჩესნად მითხარი.

- არა, ეგრე რატომ?

- არ გევასება, ბო*იშვილი ვიყო.

- აბა მეზიზღება და ძალით ვშვრები?

- კი, ძალით. რაღაცებს პროსტა თამაშობ. შენ სექსი არ გიყვარს. შენ ყურადღებას აქცევ შინაარსს, მაგრამ არ ფიქრობ, რომ შენი ძუძუები და ბაყვები ამ შინაარსს არ ესადაგება.

- მერე რა?

- მიუხედავად იმისა, რომ შენ გესიმპატიურები ახლა მე, ამ მომენტში, როგორც ჭკვიანი კაცი, შენ არაფერს არ ასხივებ, ეგ უცნაურია.

- ხო, იმიტომ რომ მე არ მინდა მეთქი.

- მიუხედავად იმისა, რომ შენს სიმპათიას და მოწონებას ვიწვევ, შენ მაინც ცივი რჩები... ყველაფერი ჩემი ბრალია, ბიძინა მე მოვიყვანე, შენ... სექსუალური ზეწოლა მე განვახორციელე". - ისმის ჩანაწერში. 

ფორმულამ ჩანაწერის პირველი ნაწილი ერთი კვირის წინ, 25 მარტს გაასაჯაროვა. შეხვედრა 2018 წელს შედგა - გაჩეჩილაძე ამბობს, რომ რამიშვილმა თავად დაიბარა. 


ბოლო პერიოდში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. 20 მარტს შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა, 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა, გვანცა ბუდაღაშვილმა.

მაკო ჯაბუა მეორე ქალი იყო, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში ღიად დაადანაშაულა. მანამდე რამიშვილს უჩივლა და დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში მოუგო თათია სამხარაძემ.

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემას უძღვებოდა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა იმედმა, რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV დაარსა, შემდეგ კი ის ტელევიზიად გადაკეთდა.

კომენტარები