აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოში

დანიგანი: პროგრესის მიუხედავად ზოგი შემაშფოთებელი მოვლენა აჩვენებს, რომ მეტია გასაკეთებელი

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატების მოსმენის დროს, დაასახელა 4 პრიორიტეტი რომელზეც საქართველოში ელჩად დანიშვნის შემთხვევაში იმუშავებს.

რობინ დანიგანის თქმით, ის საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაში დაეხმაროს. მისი თქმით, აშშ-ს სურს დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საკუთარი საზღვრების დაცვა და რუსეთის მავნე ქმედებებისადმი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლება.

გარდა ამისა, დანიგანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან შესანიშნავი პროგრესის მიუხედავად "ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა აჩვენებს, რომ მეტია გასაკეთებელი".

"საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი ყურადღება მიმართული იქნება 4 ძირითადი პრიორიტეტისკენ.

პირველი, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომლისა და საქართველოში მყოფი ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მეორე, საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად ვიმუშავებ იმისთვის, რომ დავეხმარო მათი ოცნების განხორციელებაში ევროკავშირში, NATO-სა და დასავლეთში მტკიცე ინტეგრაციის მხრივ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არამხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშიც შედის. ჩვენ გვსურს დემოკრატიული საქართველო, მტკიცედ ინტეგრირებული დასავლეთში, რომელსაც შეეძლება საკუთარი საზღვრების დაცვა და რუსეთის მავნე ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა შესანიშნავი პროგრესი, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა აჩვენებს, რომ მეტია გასაკეთებელი.

მესამე, გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის აშშ-ის ექსპორტის გაზრდით და საქართველოში ამერიკული კომპანიებისთვის შესაძლებლობების მიცემით.

ბოლო პრიორიტეტი კი იქნება, მხარი დავუჭირო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იმ ფონზე, როდესაც რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიების 20%. ვიმუშავებ ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ვაიძულოთ რუსეთი შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და გაეროს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები". - თქვა დანიგანმა.


13 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა.

რობინ დანიგანი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

სხვადასხვა დროს,  დანიგანი აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკისა და სანქციების საკითხებზე მუშაობდა.

კომენტარები