აშშ-საქართველო

ვინ შეცვლის კელი დეგნანს?

გუშინ, 13 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა.

ელჩის კანდიდატურას პრეზიდენტის წარდგინების შემდეგ აშშ-ის სენატი განიხილავს და ამტკიცებს.

მოსალოდნელია, რომ 2019 წელს ტრამპის მიერ წარდგენილ დეგნანს დანიგანი ჩაანაცვლებს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წლიდან შეუერთდა. 

ამჟამად დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, დანიგანი რუსეთის სანქცირების აქტიური მხარდამჭერია. ჯერ კიდევ მაისში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ აშშ უკრაინას გამარჯვებისთვის ყველანაირად, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობითაც დაეხმარება.

"არ ვიცი, პუტინის გეგმა რა არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ შეცვლის ჩვენს სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს, რომ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია - მათ შორის, დახმარებას უსაფრთხოების საკითხებში, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. ამასთანავე, გავაგრძელებთ მოსკოვისთვის ისეთი სანქციების დაწესებას, რომელიც ანგრევს რუსეთის ეკონომიკას. ასევე, გავაგრძელებთ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას". - ამბობდა მაისში.

ამავე ინტერვიუში დანიგანი კრემლის შეცდომებსა და არასწორ მოლოდინებზეც საუბრობდა. 

"კრემლი ბევრ რამეში შეცდა. კრემლი შეცდა, როცა კიევის აღებას ერთ კვირაში აპირებდა. ისინი იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ აღმოსავლეთით, უკრაინელები კი გამძლეობითა და ვაჟკაცობით აგრძელებენ ბრძოლას. [...] ისინი მოელოდნენ, რომ NATO-ს დახლეჩდნენ, მაგრამ NATO ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა". - აღნიშნავდა ის. 

გასულ კვირას იგი, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, RFE/RL-თან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციების შესახებ საუბრობდა. მისი განმარტებით, ეკონომიკური ზეწოლის შედეგებს უახლოეს თვეებსა და წლებში ვიხილავთ.

ინტერვიუში დანიგანმა ბელარუსი, რომელიც ლოგისტიკურ დახმარებას უწევს რუსეთის ჯარებს, ომის "თანამონაწილეობაში" დაადანაშაულა. მან მკაფიოდ გამიჯნა ერთმანეთისგან ბელარუსი ხალხის ნება და მთავრობის მოქმედებები. 

"არ ვფიქრობ, რომ ბელარუსებს სურთ, უკრაინის წინააღმდეგ ომი მათი ქვეყნიდან წამოიწყონ. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ეს ხალხის ნებას წარმოადგენს". - აღნიშნა მან.

მანამდე, 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე, დანიგანი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის მოვალეობის შემსრულებლისა და ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის აშშ-ს ენერგეტიკულ რესურსებს მართავდა.

ამ პერიოდში გამართულ კონფერენციაზე მან ხაზი გასვა, ეროვნულ უსაფრთხოებასა და ენერგოპოლიტიკას შორის კავშირს. 

"ვაცნობიერებთ მნიშვნელოვან კავშირს ენერგოპოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის. რეალურად ეს ეხება ჩვენს უპირველეს ინტერესს - ეკონომიკურ ზრდას, გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებასა და კლიმატთან დაკავშირებულ მიზნებს. ენერგოპოლიტიკა ამ სამივე მიზნისთვის მნიშვნელოვანია. და ჩვენი პარტნიორებისა და მხარდამჭერების ენერგოუსაფრთხოება, განსაკუთრებით აქ ევროპაში, ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ამიტომ ვმუშაობდით ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან წლებია - ენერგოკავშირამდე და ადრეულ 90-იანებამდე, სანამ ბაქო-ჯეიჰანი იქნებოდა". - თქვა მან.

ამასთან, დანიგანი აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკისა და სანქციების საკითხებზე მუშაობდა.

კომენტარები