აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოში

დანიგანი: არ გვინდა სანქციებზე თავის არიდების გზით, დავაფინანსოთ რუსეთის საომარი მანქანა

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატების მოსმენის დროს, დასმულ კითხვაზე – რამდენად იაზრებენ პასუხისმგებლობას და უჭერენ მხარს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები [ალბანეთი და საქართველო] უკრაინას, რუსეთის შეჭრის შემდეგ – პასუხის დროს აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინას.

"ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, გაგზავნეს კრიტიკული დანიშნულების ენერგეტიკული აღჭურვილობა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოსისტემის დასახმარებლად. საქართველომ მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი. საქართველომ ასევე მიიღო რუსი დისიდენტები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთიდან ომის დროს გავიდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა კარგად იციან ის საფრთხე, რომლის წინაშეც ახლა უკრაინაა, რადგან რუსეთს 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. დამტკიცების შემთხვევაში, აქტიურად ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს ქარტიის შესაბამისად". - თქვა დანიგანმა.

გარდა ამისა, სენატორი პიტ რიკეტსის მიერ დასავლეთის სანქციებთან და რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მცდელობის შესახებ დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის დროს, დანიგანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრიორიტეტია უზრუნველყოს სანქციების დანერგვა და ერთგულება და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან, ეროვნულ ბანკთან და კერძო სექტორთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ.

"აშშ-ის აბსოლუტური პრიორიტეტია სანქციებთან შესაბამისობა და მისი შესრულება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, ეროვნულ ბანკთან, კერძო სექტორთან და საფინანსო სექტორთან. საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს გარკვეული ტრენინგების ჩატარებისთვის, რომ დავეხმაროთ იმის განხორციელებაში, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა. საქართველოს აბსოლუტურად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ სანქციებზე თავის არიდების გზით, დავაფინანსოთ რუსეთის საომარი მანქანა და ჯარი, მომავალი აგრესიისთვის. ეს საუბარი გვაქვს საქართველოსთან. სანქციების საკითხებში სპეციალური კოორდინატორი, სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, მომდევნო თვეებში გაემგზავრება საქართველოში ამ მნიშვნელოვანი დიალოგის გასაგრძელებლად". - თქვა დანიგანმა.

კომენტარები